და ეს ხუმრობა არ არის. ინიციატივა პატრიარქისგან მოდის და იგი მმართველ გუნდშიც აიტაცეს" />

გაუმარჯოს მეფეს! საქართველოში მონარქიის აღდგენაზე მსჯელობენ

და ეს ხუმრობა არ არის. ინიციატივა პატრიარქისგან მოდის და იგი მმართველ გუნდშიც აიტაცეს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის და ანა ბაგრატიონის ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარში. თბილისი, 08.02.2009 ფოტო: REUTERS, დავით მძინარიშვილი 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საკვირაო ქადაგებაში კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, რომელსაც ბოლო წლებია მუდმივად უბრუნდება: პატრიარქმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში მონარქია აღმდგარიყო.

ილია მეორის აზრით, “კონსტიტუციური მონარქია სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას”.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” – განაცხადა ილია მეორემ 18 ივნისს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ეკლესიის წინამძღვარი მონარქიის აღდგენაზე საუბრობს. თუ აქამდე ეს თემა, ძირითადად, ფეისბუკზე მახვილგონივრულ ხუმრობებს არ გასცდენია, ამჯერად საქმე სხვაგვარადაა – მონარქიის აღდგენაზე დიალოგში პატრიარქის განცხადებიდან მეორე დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაცია, რომ 19 ივნისს ილია მეორესთან შესახვედრად საპატრიარქოში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პატრიარქთან შეხვედრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ მოკლე, თუმცა მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა: “რაც ბრძანა უწმინდესმა, ეს არის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ადგილობრივი სპეციფიკა”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ საკონსტიტუციო მონარქია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთდროულად ვერ იარსებებენ.

საყურადღებო უწოდა პატრიარქის ინიციატივას განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ:

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რონ პატრიარქის ინიციატივა საყურადღებოა და მეორე რიგში, უნდა ვთქვათ, რომ  მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გააწყვეტილება. ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, იქნება გამომდინარე ქართველი ხალხის ნებიდან. პირადად ჩემს პოზიციას არ გაგიზიარებთ. თუ პატრიარქმა ასეთი ინიციატივა თქვა, სულ მცირე განხილვა აუცილებელია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მანამდე პატრიარქის ინიციატივა მოიწონეს უმრავლესობის სხვა წევრებმაც: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ეს საინტერესო იდეაა, უმრავლესობის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითი გვაჩვენებს, რომ მონარქია პოზიტივის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო მონარქიამ შესაძლოა ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებულობა და ხიბლი შესძინოს საქართველოს. ხელისუფლებასთან დაახლოებული დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სწორედ კონსტიტუციური მონარქიაა ის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო ევროპულ ოჯახში შევა.

ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიცია. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ეს თემა იმიტომ წამოსწია, რომ რეალური პრობლემებისგან ხალხის ყურადღება გადაიტანოს.

“ეს ტრადიცია შეწყდა და ხელოვნურად ვერ აღდგება. არ მგონია, რომ ამის საჭიროება საქართველოს ჰქონდეს. გაცილებით უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, ჯობია სახელმწიფომ ამ პრობლემებს მიხედოს”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

„სწორედ ამიტომ აიტაცა მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქიც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

“ფეისბუკზე” მონარქიის თემამ, ტრადიციულად, კვლავ მხიარულება გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლები ორი დღეა არკვევენ, ვინ რა წარმომავლობისაა – მდაბიო თუ დიდგვაროვანი.

საქართველოში მონარქიის აღდგენაზე პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანების დასაწყისში ალაპარაკდნენ და შემდეგ, სხვადასხვა დროს, ეს თემა დისკუსიის საგანი ხდება, თუმცა სერიოზულად მას არავინ განიხილავდა.

დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების რამდენიმე შტოს წარმომადგენლები ცხოვრობენ. მათ შორის მეფის კანდიდატურის შერჩევაზეც თავად პატრიარქმა იზრუნა, როდესაც მისი კურთხევით ბაგრატიონების ორი შტოს წარმომადგენლებმა ანა ბაგრატიონმა და დავით მუხრანელ-ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს. 2011 წელს წყვილს ვაჟი – გიორგი ბაგრატიონი შეეძინა. გიორგი ბაგრატიონის ნათლია თავად პატრიარქია. ბავშვის ნათლობის დღეს ილია მეორემ იგი ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.


ასევე წაიკითხეთ