ოქრუაშვილს პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოწოდებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებენ" />

დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილს პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოწოდებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებენ

პოლიციამ დღეს საღამოს დააპატიმრა საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

შსს-ში უკვე გააკეთეს განცხადება – ოქრუაშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან გამართულ მიტინგზე, ის მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა და თავადაც მონაწილეობდა შტურმში.

ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება 

„პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, მის თანხმლებ პირებთან ერთად, აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივი გზით შეღწევას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?

• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

რამდენიმე დღით ადრე, ოქრუაშვილი სკანდალური განცხადებით გამოვიდა ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის საქმეზე. ექსმინისტრის თქმით, მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია სწორედ მას ეკუთვნის.

20-21 ივნისის მოვლენები

 

თბილისში, 20 ივნისს, მრავალათასიანი მიტინგი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. გავრილოვი მონაწილეობას იღებდა მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის დარბაზში იმართებოდა. 

 

ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი მასშტაბურ მიტინგზე შეიკრიბა და საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა იმის შესახებ, თუ რატომ გამოვიდა ქვეყნის ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან რუსი დეპუტატი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

 

რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. მოხდა პოლიციასთან შეტაკება, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად.

 

20-21 ივნისს, „ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით“ სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს აქციის 11 მონაწილე.

 

აქამდე, ასეთივე ბრალდება უკვე წარუდგინეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას. 

 

პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, თუმცა, სასამართლომ მისი გირაოს ქვეშ გარეთ დატოვება გადაწყვიტა. ახლა დეპუტატი სპეციალურ ელექტროსამაჯურს ატარებს. მას აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

23 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხეს.

თუკი ოქრუაშვილს ბრალი დაუმტკიცდება, მას ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„პოლიტპატიმარი ოქრუაშვილი“

ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეები და თანაპარტიელები, ასევე სხვა ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ მისი დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია. ივანიშვილს აშკარად ფსიქიკური აშლილობა აქვს. პლუს ამას, ის პუტინის დაქვემდებარებაშია და საშინაო დავალება აქვს – გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია და საქართველო რუსეთს გადასცეს. რატომ დაიწყო ოქრუაშვილით? იმიტომ, რომ მას არ

მოეწონა ოქრუაშვილის ბოლო განცხადებები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით“, – განაცხადა დაკავებული ექსმინისტრის თანაგუნდელმა, გუბაზ სანიკიძემ.

„რუსთავი 2“-ის გარშემო დაპირისპირება, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 18 ივლისს, იმ მფლობელების დამარცხებით დასრულდა, რომლებიც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობდნენ ტელეკომპანიას. მათ ხელში არხი იყო ოპოზიციური და კრიტიკული საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

18 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლები დარღვეული არ არის, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა საკუთრების უფლება ტელეკომპანიაზე, რომელსაც ის 2004-2006 წლებში ფლობდა.

ხალვაში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, რომელმაც პირველივე დღეს შეცვალა დირექტორი და, სავარაუდოდ, არხის ოპოზიციურ სარედაქციო პოლიტიკას მმართველი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეცვლის.

ამ ფონზე, სცენაზე გამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელია და სინამდვილეში ტელეკომპანია სწორედ მას ეკუთვნის.

ოქრუაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი 2010 წელს ბერლინში გაფორმდა და მასზე ხალვაშის ხელმოწერაა, რაც დადასტურებულია სამი ექსპერტის, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტის მიერ.

ხალვაში ასეთი დოკუმენტის არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ფალსიფიკაციაა.

ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და პირადად არაფორმალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი:

„ქვეყანაში ყველაფერი სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. პირადად ივანიშვილმა გასცა 20 ივნისს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ბრძანება. პოლიტიკაში ერთადერთი მიზეზის გამო დავბრუნდი – მე მისი ჭიქიდან დავლევ ჩაის, ამის პირობას ვაძლევ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. (ფრაზის „დავლევ ჩაის“ ქვეშ, ოქრუაშვილმა იგულისხმა ვარდების რევოლუციის დროს მომხდარი ეპიზოდი. მაშინ, ოპოზიციის ლიდერმა სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტში შეიჭრა, ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ჭიქიდან დალია ჩაი. ეს იყო შევარდნაძის უკანასკნელი დღე პრეზიდენტის რანგში – JAMnews).

 


ასევე წაიკითხეთ