რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის – თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ პროკურატურის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები პროკურატურის ქმედებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, რომელთა უკან ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი დგას.
ზოგიერთები ხაზარაძეს ხოდორკოვსკის ბედსაც კი უწინასწარმეტყველებენ.
ღელავენ რიგითი მოქალაქეებიც. ისინი შიშობენ, ხომ არ დაიკარგება თიბისი ბანკში შენახული მათი ანაბრები?
JAMnews მოგიყვებათ რას ედავება პროკურატურა თიბისი ბანკს და რატომ არის ეს საქმე არა მხოლოდ ერთი ბანკისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.
_____________
17 მილიონის გათეთრების ამბავი. რას იძიებს პროკურატურა?
საქართველოს მთავარ პროკურატურა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის – თიბისი (TBC) ბანკის ერთ-ერთი ტრანზაქციის საქმეს იხილავს.
საქმე ძალიან სერიოზულია – იგი ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ანუ ფულის გათეთრებას. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
• ივანიშვილი ამომრჩეველს კიდევ ერთ შანსს სთხოვს
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურამ თიბისიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა და საქმეს იძიებს, მედიაში 8 იანვარს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. შემდეგ კი ვრცელი სტატია ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ვებ-გვერზე kvira.ge-ზე გაჩნდა.
მოგვიანებით, პროკურატურამ სპეციალური განცხადებით განმარტა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაიწყო.
უკვე აგვისტოში კი, პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. ამ საქმეში თიბისი ბანკის პირველი პირები – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ. ისინი უკვე დაიკითხნენ მოწმის სტატუსით.
ტრანზაქცია, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 2008 წლით თარიღდება.
როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, 11 წლის წინ აპრილში თიბისი ბანკმა კომპანიებს შპს „სამგორი M“-ს და „სამგორი თრეიდს“ საბრუნავი თანხების შესავსებად, 17 მილიონი დოლარი ასესხა.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თურმე სესხი დაჩქარებული წესით და პროცედურების დარღვევით გაიცა, შემდეგ კი, ასეთი რამე მოხდა: თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის – ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე ჩაირიცხა 17 მილიონი დოლარი. გადამრიცხველები ის კომპანიები იყვნენ, რომლებმაც თიბისიდან ფული ისესხეს.
პროკურატურა ამბობს, რომ თიბისი ბანკს ეს 17 მილიონი დღემდე არ დაბრუნებია.
მეტიც, 2012 წელს თიბისიმ საერთოდაც გაათავისუფლა „სამგორი M“-ი და „სამგორი თრეიდი” სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც მათ უფლება მისცა 17 მილიონიანი საბანკო ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადაეტანათ.
პროკურატურის განცხადებიდან გაუგებარია, თუ რატომ უწოდებს პროკურატურა ამ თანხას “შავ ფულს” .
გამოძიება გრძელდება. თუ პროკურატურის ვერსია კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით დამტკიცდა, არ არის გამორიცხული ქვეყნის ყველაზე პოპულარული ბანკირი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
საქმის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ კომპანიები “სამგორი M” და “სამგორი თრეიდი” ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ტელეკომპანია “ტვ პირველი” – პატარა, თუმცა საკმაოდ თამამი ტელეკომპანია, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს და სხვადასხვა დროს სახელისუფლებო არხებიდან გათავისუფლებულ პოპულარულ ჟურნალისტებს აერთიანებს.
თიბისი ბანკის პასუხი
თიბისი ბანკში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე, რომელსაც პროკურატურა “ფულის გათეთრებას” უწოდებს, “რიგითი და კანონიერი საბანკო ოპერაციაა”, რომელიც არაერთხელ შეამოწმეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო აუდიტორებმა და ეროვნულმა ბანკმაც.
ამ საქმეში დარღვევა ვერავინ აღმოაჩინა.
TBC ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც თითქმის ორ მილიონ მომხმარებელს ემსახურება. იგი 1992 წელს დაარსდა. ეს არის ქვეყანაში პირველი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი საცალო დეპოზიტების სეგმენტში. შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 7 ათასი ადამიანი.
თიბისიში იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ საქმე “ხანდაზმულია” .
ბანკის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ 2007-2008 წლებში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან, კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ჯამში 80 მილიონი დოლარი ისესხეს, რათა ბანკის კაპიტალი გაეზარდათ.
მისი თქმით, ამ თანხაში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული 17 მილიონი დოლარიც, რომელიც ბანკის საჭიროებებს მოხმარდა.
“ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე“ – აღნიშნავს ადვოკატი კორძაძე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, “ეს ყველაფერი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას ემსახურება”.
ხაზარაძე ასევე მიანიშნებს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ამბობს, რომ 27 წლიანი არსებობის ისტორიაში “თიბისი ბანკი“ ყველა პოლიტიკური მმართველის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი”.
რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული?
ამ საქმესთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გამოითქვა. ერთი რამ, რაც ყველა ვერსიას აერთიანებს, ბიძინა ივანიშვილია – არავის სჯერა, რომ პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის “შეწუხება” არაფორმალური მმართველის თანხმობის გარეშე გაბედა.
– ზოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ხაზარაძეში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს და 2020 წლისთვის – საპარლამენტო არჩევნებისთვის გზას ითავისუფლებს;
– სხვების აზრით, ხაზარაძე იმის გამო ისჯება, რომ ყოფილი პრემიერის, ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტის და შემდეგ მის მიერ მოძულებული და თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია;
– გამოითქმის ვარაუდი, რომ ივანიშვილს თიბისი ბანკის ხელში ჩაგდება და მასზე კონტროლის მოპოვება უნდა;
– ხდება პარალელების გავლება 2004 წლის რუსეთთანაც, როდესაც ვლადიმირ პუტინი თავის პოტენციურ კონკურენტებს, ბიზნესმენებს და მედია-მაგნატებს – გუსინსკის, ხოდორკოვსკის და სხვებს დაერია.
– ექსპერტები ასევე ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ თიბისის წინააღმდეგ საქმის აღძვრით ივანიშვილი ორ “კურდღლეს” იჭერს – გავლენიან ბანკირ ხაზარაძეს და მზარდი პოპულარობის მქონე არხის “ტვ პირველის” მფლობელს ავთანდილ წერეთელს.
ანაკლია – მთავარი ვერსია
თუმცა, ამ საქმის მთავარი ვერსია ანაკლიის პორტს უკავშირდება.
ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ თიბისი ბანკი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის – ანაკლიის პორტის მშენებლობაშია ჩართული.
ამას ივანიშვილი თავადაც არ მალავს.
• საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო. ფოტორეპორტაჟი
• აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება”
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში არის ორი ბანკი – “თიბისი” და “საქართველოს ბანკი”, რომლებმაც “მთელი ქვეყანა შეჭამეს”.
იმავე ინტერვიუში ივანიშვილმა ბანკების ინტერესების ლობირებისთვის იმჟამინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დატუქსა. ივანიშვილს მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ანაკლიაში პორტის მშენებლობის ტენდერი თიბისიმ სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მოიგო.
მამუკა ხაზარაძის “TBC ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიცაა თიბისი ბანკი, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თანადამფუძნებელია. თავის მხრივ კონსორციუმი ანაკლიაში უზარმაზარ პროექტს ახორციელებს – საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.
ექსპერტების აზრით, დღესდღეობით ეს მთავარი პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ზოგი მას თავისი მნიშვნელობით შევარდნაძის ეპოქაში დაწყებულ ნავთობსადენს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსაც კი ადარებს.
პროექტის წარმატებით დაინტერესებულია აშშ. ამ პროექტში ბევრი კერძო ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული.
პორტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოსთვის, რადგან იგი გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში შენდება, პრეტენზია აქვს, რომ თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პორტების სერიოზული კონკურენტი გახდეს.
პროექტი საკმაოდ მსუყეა ფინანსური თვალსაზრისითაც. მთლიანობაში, ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ ვერსიას იზიარებს ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
„ანაკლიის პორტმა დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გაზარდა, შესაბამისად, კვირიკაშვილს და ხაზარაძეს გაუჩნდათ პოლიტიკური მოძლიერების შანსი. ეს ცხადია, იგრძნო ბიძინა ივანიშვილმა და ეს შანსი გაანადგურა“.
პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ ეს არის “პოლიტიკურად მოტივირებული და ორგანიზებული კამპანია ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ”. მისი აზრითაც, ამ საქმეში მთავარი ვერსია ანაკლიის პორტია.
“კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ივანიშვილი მამუკა ხაზარაძესაც დაუპირისპირდებოდა, როგორც კვირიკაშვილის მეგობარს,” – ამბობს ნოდია.
გამოვიტანოთ თუ არა ანაბრები. ანუ რა შედეგი მოჰყვება გავლენიან ფინანსურ ორგანიზაციაზე დარტყმას?
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სისტემური ბანკია 27 წლიანი გამოცდილებით.
ამ ბანკს საქართველოში ენდობიან. იგი განსაკუთრებით პოპულარული მოსახლეობის საშუალო ფენაშია.
ბევრ მოქალაქეს აქ დანაზოგი აქვს შენახული, ან ანაბარი აქვს გახსნილი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში (90-იან წლებში) აქვს გამოცდილება, როდესაც მოქალაქეებმა ანაბრები დაკარგეს. ეს მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხალია, ამიტომ პროკურატურის მიერ აღძრულმა საქმემ ბევრ მოქალაქეს არასტაბილურობის განცდა შეუქმნა.
საქართველოში სულ 16 კომერციული ბანკია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების 2018 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასული წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა – 262 მლნ ლარი, რაც მთლიანად საბანკო სექტორის მოგების 44%-ია. „თიბისი ბანკის“ მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მოგებიანი ბანკების ხუთეულია : ,,თიბისი ბანკი”, “საქართველოს ბანკი” , ,,ლიბერთი ბანკი” , “ვითიბი ბანკი” და “ბაზისბანკი”.
მოსახლეობის დამშვიდება სცადა ეროვნულმა ბანკმა.
სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თიბისი ბანკი ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, მისი აქტივები ლიკვიდურია [ლიკვიდური, ანუ ფულად ქცევადი, ნიშნავს იმას, რომ ბანკს აქვს სწრაფად გაყიდვადი ფასიანი ნივთები_JAMnews] და მისი კლიენტების ფინანსებს საფრთხე არ ემუქრება.
ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის მეგობარი და მასთან დაახლოებული პირი იყო, თიბისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “საბოტაჟს” უწოდებს.
მისი თქმით, რისკის ქვეშ დგას არა მხოლოდ ბანკი, არამედ მთლიანად ქვეყანა.
თუმცა, ხუხაშვილის პროგნოზით, თიბისის წინააღმდეგ აღძრული საქმე მალე შეწყდება, რადგან მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს:
“აბსოლუტურად გაუგებარია რის საფუძველზე საუბრობს გამოძიება ფულის გათეთრებაზე. ასევე საქმეს ხანდაზმულობის კუთხითაც აქვს პრობლემა.”
“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ ის, რაც თიბისის გარშემო ხდება, საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს და ინვესტორებსაც დააფრთხობს.
„როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ასეთ ძლიერ მოთამაშეს საბანკო სექტორში ასე ღიად შეიძლება დაესხას თავს სახელმწიფო, მაშინ იმ ინვესტორს აქ არ უღირს კაპიტალის დაბანდება,” – ამბობს ჯანდიერი.
ბანკირი ხაზარაძე პოლიტიკაში წავა?
ივანიშვილთან გაფუჭებული ურთიერთობის დალაგებას და საკუთარი ლოიალობის დამტკიცებას მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეეცადა (სპეციალურ განცხადებაში ბანკმა თავის თანამშრომლებს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისკენაც კი მოუწოდა).
თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილისთვის ხაზარაძის მცდელობები არასაკმარისი და არადამაჯერებელი აღმოჩნდა.
დღეს ხაზარაძე ხელისუფლების ლამის ნომერ პირველი მტერია, რომლის წინააღმდეგ მძლავრი საინფორმაციო კამპანიაა გაჩაღებული.
ანონიმური ფეისბუკ-გვერდები და საეჭვო რეპუტაციის საინფორმაციო ვებ-გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციური კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მუშაობდნენ, ამჟამად ხაზარაძის დისკრედიტაციაზე გადაერთნენ, მათ შორის, დასპონსორებული პოსტებით.
პოლიტიკური დამკვირვებლების მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად მამუკა ხაზარაძეს ისღა დარჩენია, პოლიტიკაში წავიდეს და ბრძოლა იქედან გააგრძელოს.
ამ სცენარს არ გამორიცხავს ოპოზიციური “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა.
“პოლიტიკაში ნამატი გვექნება” – წერს ის ფეისბუკზე.
თუმცა, ხაზარაძის პოლიტიკაში გამოჩენის ვერსიას უმრავლესობა არ იზიარებს.
ეკონომიკური ექპერტი გია ხუხაშვილი გამორიცხავს ხაზარაძის მხრიდან მსგავს აქტიურობას:
“ხაზარაძე არ წავა მოლაპარაკებებზე [ხელისუფლებასთან] იმიტომ, რომ ამას აზრი არა აქვს. თუმცა, არც თავად დაიწყებს აქტიურობას. ის დაელოდება საქმის განვითარებას… პროკურატურაში ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს, რადგან აბსურდული და შეკერილია,” – ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, საბოლოოდ, ამ ისტორიაში “დამარცხებული ბიძინა ივანიშვილი იქნება, რომელიც ბოლო დროს ხშირად მარცხდება ოპონენტებთან ბრძოლაში”:
“დეგრადაციის პროცესი ფაქტობრივად გრძელდება. ივანიშვილს არა თუ შეჩერება არ შეუძლია ამ პროცესის, არამედ სულ უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება ყველაფერი,” – ამბობს ხუხაშვილი.