გერმანიის კანცლერი: "ის, რაც საქართველოში ხდება, უსამართლობაა და პუტინმაც იცის ჩემი პოზიცია"" />

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისშია. მნიშვნელოვანი ვიზიტის პირველი დღე

გერმანიის კანცლერი: "ის, რაც საქართველოში ხდება, უსამართლობაა და პუტინმაც იცის ჩემი პოზიცია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრო მამუკა ბახტაძე და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. თბილისი, 23 აგვისტო, 2018. REUTERS/ირაკლი გედენიძე

აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე, გერმანია განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოითხოვს მისი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ჩამოიტანა.

თუმცა, ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა კანცლერის ვიზიტს და მნიშვნელოვანი შანსი გაუშვა ხელიდან.

რა თქვა და რა არ თქვა ანგელა მერკელმა და რატომ აკრიტიკებენ საქართველოს ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს? JAMnews-ი გერმანიის კანცლერის ვიზიტის პირველ დღეს აჯამებს.

_________________

გერმანიის კანცლერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ჩამოვიდა.

აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი დახვდნენ.

პირველი შეხვედრა ანგელა მერკელს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ჰქონდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გერმანიის კანცლერი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა. პირისპირ შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.

დღის ბოლოს, ანგელა მერკელმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა, ყვავილები მიიტანა და გერმანიისა და საქართველოს ჰიმნები მოისმინა.

მერკელის ეს ვიზიტი სამხრეთკავკასიული ტურნეს ნაწილია. საქართველოდან გერმანიის კანცლერი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კანცლერის რანგში ანგელა მერკელი უკვე ნამყოფია საქართველოში – ის საქართველოში ზუსტად 10 წლის წინ 2008 წლის 17 აგვისტოს იყო, აგვისტოს ომის შემდგომ. მერკელი მაშინ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

რა თქვა მერკელმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენცია გერმანიის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით დაიწყო.

“მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად”, – განაცხადა მერკელმა.

“ესაუბრეთ თუ არა ბატონ პუტინს რაიმე ფორმით საქართველოზე და საქართველოს ოკუპაციაზე? – ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც მერკელს პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

თბილისში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 აგვისტოს მერკელმა გერმანიაში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. პუტინის და მერკელის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა ტრადიციული ერთობლივი პრეს-კონფერენცია. 

მერკელის პასუხი საკმაოდ ფრთხილი იყო. მან თავი აარიდა სიტყვას “ოკუპაციას” და  თბილისში მიღებულ სხვა ფორმულირებებს, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს გარშემო შექმნილი მდგომარეობა “უსამართლოა”. ასევე თბილისში არ გამოპარვიათ ისიც, რომ მერკელმა “საოკუპაციო ხაზის” ნაცვლად, “სადემარკაციო ხაზი” ახსენა.

„მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება”, – აღნიშნა კანცლერმა.

ჟურნალისტის კითხვას, ისაუბრა თუ არა პუტინთან საქართველოს ოკუპაციაზე, მერკელმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. კითხვას მან მხოლოდ ირიბად უპასუხა – თქვა, რომ პუტინისთვის  მისი პოზიცია ცნობილია.

მან ბევრად უფრო მკაფიოდ და თამამად აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე დააფიქსირა თავისი პოზიცია “უკრაინასთან დაკავშირებით”.  მისი თქმით, ეს ყველაფერი “ერთი კონტექსტის ნაწილია”.

“რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა. 

რა თქვა საქართველოს პრემიერმა

პრემიერის თქმით, მან და გერმანიის კანცლერმა საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. გერმანიას მან ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერი უწოდა.

მან ისაუბრა რუსეთზე და თქვა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა აქვს არჩეული და ამის დასტურად ჟენევის მოლაპარაკებები მოიყვანა.

მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობასთან შერიგებას და ნდობის აღდგენას და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

“დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს”, – მიმართა  მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს. მისი თქმით, საქართველოსთვის ფასდაუდებელია კანცლერისა და გერმანიის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა.

ბახტაძემ ასევე რამდენჯერმე ახსენა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომ მისი ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია და ამ გზაზე საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ექსპერტების და პოლიტიკოსების  შეფასებები

ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვნად აფასებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. თუმცა, როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, ქართული მხარე მოუმზადებელი იყო, რის გამოც ევროპის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსთან კომუნიკაციის შანსი სათანადოდ არ გამოიყენა.

ქართველმა ექსპერტებმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პრესკონფერენციაზე. მათი აზრით, პრემიერი იყო “სუსტი” და “არავითარი კონკრეტული და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემა პრესკონფერენციაზე არ წამოუწევია”.

“ასეთი მაღალი ტიპის ვიზიტებისგან მთავარი მოლოდინი ის არის, რომ ხელისუფლება წინ წამოსწევს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ მიმართულებებს. სამწუხაროდ, ეს არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერს. პირველ რიგში თვალშისაცემი იყო, რომ მან ძალიან ცოტა ხანი ისაუბრა ნატოზე. მას  საჯაროდ უნდა ესაუბრა კონკრეტულ მიმართულებებზე – ვთქვათ, მაპზე, ან ნატოს მეტ სამხედრო მონაწილეობაზე საქართველოში. პრემიერმა არც ერთ კონკრეტულ საკითხზე არ ისაუბრა… ეს ნაწილობრივ მისი გამოუცდელობის ბრალია, ნაწილობრივ კი ივანიშვილის პოლიტიკაა, რომლიც ჩვენ კარგად ვიცით – ივანიშვილს არ უნდა , რომ საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების თემა იყოს”, – ამბობს სერგი კაპანაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” ტვ პირველის ეთერში. 

ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ანგელა მერკელის განცხადებების გამო, გარკვეულწილად იმედგაცრუებულიც არის.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევის დირექტორი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერისგან უფრო ძლიერ მხარდამჭერ განცხადებებს ელოდა.

„ქალბატონ მერკელს სიტყვა “ოკუპაცია” არ უხსენებია, არც საოკუპაციო ზოლი არ უხსენებია. ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. არ უხსენებია სიტყვა ნატო,  არ უხსენებია საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ ვერ გასცდა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობას, კანალიზაციას და წყალგაყვანილობას და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რუხაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ მამუკა ბახტაძეს, პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული გზავნილები ნატოსთან და ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არ გაუჟღერებია.

გიორგი რუხაძე ამბობს, რომ იმ საკითხებზე საუბარი, რომელიც საქართველოს რეალურად აწუხებს, დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა, მათ შორის არის ნატოც, რომელზეც საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„დღეს მან თბილისში მაქსიმალურად თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი განცხადების გაკეთებაზე“, – აღნიშნა რუხაძემ.

________________

მერკელის ვიზიტი საქართველოში გაგრძელება 24 აგვისტოსაც. მისი ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კონფლიქტის ზონის მონახულებაა. ასევე, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. მას ასევე ექნება შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან.

24 აგვისტოს ასევე დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.


ასევე წაიკითხეთ