სოციალურ ქსელებში ამ კამპანიის მიზანშეწონილობის თაობაზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს " />

ბაქოს ქალაქის ხელისუფლებამ მაწანწალა ძაღლების მასობრივი ხოცვა დაიწყო

სოციალურ ქსელებში ამ კამპანიის მიზანშეწონილობის თაობაზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს

ქალაქ სუმგაითის ხუთი წლის მცხოვრები ზეინაბ მიკაილზადე ივლისის ბოლოს მაწანწალა ცოფიანი ძაღლის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ბაქოსა და სუმგაითში მაწანწალა ძაღლების მასობრივი ხოცვის მიზეზად იქცა.

ეს 2017 წელს დაფიქსირებული ერთადერთი სასიკვდილო შემთხვევაა. თუმცა, ჯანმრთელობის სამინისტროს ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის განყოფილების ცენტრის ხელმძღვანელის რიტა ისმაილოვას თქმით, ამ წლის 8 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში 6500 ადამიანს უკბინეს სხვადასხვა ცხოველებმა, და თან ამ ციფრის 90% მაწანწალა ძაღლებზე მოდის.

აგვისტოს პირველ ნახევარში ბაქოს ბევრი მცხოვრები გახდა მაწანწალა ძაღლებზე ნამდვილი „ნადირობის“ მომსწრე. ქალაქის სამსახურის თანამშრომლები საგანგებო ფურგონებიდან ესვრიან ცხოველებს ადამიანების თვალწინ, მათ შორის – ბავშვების თვალწინაც; თანაც ცხოველების ლეში ქუჩიდან არ გააქვთ, და მზეზე გასახრწნელად ტოვებენ. „მონადირეების“ თქმით, ძაღლების ლეშის გატანაზე მერიის სხვა სამსახური აგებს პასუხს.

დღეს ბაქოში ძაღლების ხოცვა განახლდა. როგორც ყოველთვის, ტყვიას ყველაზე მშვიდობიანი და მიმნდობი ცხოველები ემსხვერპლნენ. ძაღლების ხოცვას საბოლოოდ ხელოვნურ გადარჩევამდე მივყავართ და მხოლოდ ყველაზე ველური და ადამიანისადმი შეუწყნარებელი ცხოველები გადარჩებიან“, – წერს ფეისბუკზე ბაქოს მცხოვრები ნიგიარ აგაევა.

ამ კამპანიამ სოციალურ ქსელებში ფართო დისკუსია გამოიწვია. კომენტატორების უმრავლესობამ დაგმო ცხოველების ხოცვა, თუმცა ბევრი ისეთიც იყო, ვინც ქალაქის ხელისუფლების ქმედებებს ამართლებდა. აი, რამდენიმე კომენტარი:

მაწანწალა ცხოველების პოპულაციის კონტროლის ერთადერთი საშუალებაა მათი სტერილიზაცია და კასტრაცია. სხვა ზომები შედეგს არ იძლევა. ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ხოცავდნენ ქალაქის ქუჩებში ძაღლებს. ეს რომ ქმედითი ზომა იყოს, პრობლემა 50 წლის წინათ მოგვარდებოდა“.

სტერილიზაცია და კასტრაცია მაწანწალა ცხოველების პოპულაციის პრობლემას 7 წელიწადში წყვეტს. კასტრირებული და სტერილიზებული ძაღლები აგრესიულები აღარ არიან და ადამიანებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. როდესაც ცხოველებს ხოცავენ, დარჩენილები გამალებული ტემპით იწყებენ გამრავლებას. ბუნების მიერ ასეა დაკანონებული. დედალ ძაღლს 9 ლეკვზე მეტის გაჩენა შეუძლია, თუკი გარშემო ძაღლების რაოდენობა შემცირდება“.

ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა ოლიმპიადასა და ფორმულა 1-ს ატარებს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. უფრო სწორად, არ სურს. სწორება ევროპის განვითარებულ ქვეყნებზე აქვთ, მაგრამ იქ უბრალოდ არც ერთი მაწანწალი ძაღლი და კატა არ არის. თუნდაც ჩვენთვის უფრო ახლობელი საქართველო და თურქეთი ავიღოთ. რამდენად ბევრს მიაღწიეს უკვე მათ ამ საკითხში. ჩვენებს კი უბრალოდ არ სურთ ამით დაკავება. არ ვიცი, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიკბინოს, და რამდენი მაწანწალა ძაღლი მოიკლას, რომ სახელმწიფო ბოლოსდაბოლოს ამით დაკავდეს.

მეც მიყვარს ცხოველები და მათზე ძალადობას არ ვემხრობი. ვერ ვიტან ზოოპარკებსა და აკვარიუმებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქი ველურ ტყეს დაემსგავსოს. მაწანწალა ძაღლებზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს, ისინი იმ ტერიტორიას უნდა მოაცილონ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. თურმე სახელმწიფომ მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ საბრძოლველად სახსრები გამოყო. კოლეგა ილკინ მურადოვი წერს, რომ ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლება თითოეულ მოკლულ ძაღლში 28 მანათს იხდის(დაახლოებით 15 ევრო)“.

ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაწანწალა ცხოველებთან ბრძოლის სამართველოს უფროსი არასტუნ ამირასლანოვი ირწმუნება: წლის ბოლომდე ბაქოში მაწანწალა ძაღლების პრობლემა მოგვარდება. ამ მომენტისთვის ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ადამიანები მაწანწალა ძაღლებს ქუჩებში ისევ შეხვდებიან, მაგრამ ისინი დანიომრილები, სტერილიზებულები, აცრილები და ადამიანის სიცოცხლისთვის უსაფრთხონი იქნებიან.

ძაღლებს საგანგებო საშუალებებით იჭერენ. ძალის გამოუყენებლად, ისინი მაწანწალა ცხოველებთან ბრძოლის საგანგებო განყოფილებაში მიჰყავთ. ვეტერინარები ძაღლებს სინჯავენ. თუ ძაღლებს ადამიანებისთვის საშიში დაავადება – ცოფი – აღმოაჩნდებათ, მათ მოკვლის შემდეგ წვავენ. ჯანმრთელ ძაღლებს კი ვკვებავთ, ვბანთ და ვუვლით. გარდა ამისა, ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია, რომ მათ გამრავლება ვერ შეძლონ. ამის შემდეგ მათ ნომრავენ და ქუჩაში უშვებენ“, – ციტირებს ამირასლანოვის სიტყვებს სააგენტო APA.


ასევე წაიკითხეთ