საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში მაიკ პომპეოს შეხვდა" />

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში გამოწვევაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში მაიკ პომპეოს შეხვდა

პირველ რიგში: აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენჟამინ ნეთანიაჰუ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა. მეორე რიგში: მარჯვნიდან პირველი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ვარშავა, პოლონეთი, 2019 წლის 13 თებერვალი REUTERS/Kacper Pempel 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

შეხვედრა არაოფიციალური და ხანმოკლე იყო. ზალკალიანი და პომპეო პოლონეთში საერთაშორისო კონფერენციაში “მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში” (Peace and Security in the Middle East) მონაწილეობენ.

•  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება”

შეხვედრის დეტალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების და რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ”.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, პასუხად მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტის და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

პომპეოს თქმით, აშშ საქართველოს საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

პომპეომ საქართველოს “რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე” უწოდა და ასევე მადლობა გადაუხადა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის აღიარებისთვის.

“რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა”

პოლონეთში პომპეომ საჯაროდ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა  საქართველოზე რუსეთის აგრესიისა და უკრაინის კონტექსტში.

მან 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოში “რუსეთის შეჭრა” უწოდა.

“რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, გასული წლის ნოემბერში უკრაინულ გემებზე უმიზეზოდ თავდასხმა და მიმდინარე ჰიბრიდული ომები ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ უშუალო გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს”.

“რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს და სურს თავისი გავლენა განამტკიცოს მსოფლიო არენაზე. ვლადიმერ პუტინი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ნატო-ში, დაასუსტოს აშშ და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიებს”, – დასძინა მან.

“რუსეთს ნატოს დაშლა სურს”

პომპეომ ასევე გააკრიტიკა კრემლის პოზიცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “რუსეთს აქვს გრანდიოზული გეგმები ევროპაში და იგი მსოფლიო არენაზე თავისი დომინანტობის აღდგენას აპირებს”.

“პუტინს უნდა გახლიჩოს ნატო, დაშალოს აშშ და გაანადგუროს დასავლური დემოკრატიები”, – აღნიშნა პომპეომ. 

საქართველოსა და უკრაინაზე საუბრისას პომპეომ თქვა, რომ პუტინს სურს დაასუსტოს აშშ-ის ურთიერთობა მოკავშირეებთან.

“ამიტომაც ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი მონაწილეობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე,” – განაცხადა მან. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობა აღიარა. 

ამ დრომდე, აღნიშნული ტერიტორიები სუვერენულ სახელმწიფოებად რუსეთის გარდა კიდევ გაეროს წევრმა ოთხმა სახელმწიფომ აღიარა: ნაურუმ, ტუვალუმ, ვენესუელამ და ყველაზე ბოლოს 2018 წლის 29 მაისს სირიამ.

გაეროს წევრი სხვა ქვეყნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევენ. 

საქართველოს დიპლომატიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ამ ორი ტერიტორიის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარების პროცესის შეჩერება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ