აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: "აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება"
21 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაილ პომპეოს შეხვდა.
“რამდენიმე დღეში საქართველო პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს იზეიმებს. საქართველომ დიდი გზა გაიარა, რომ აშშ-ის ღირსეული პარტნიორი და მოკავშირე გამხდარიყო, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ვაშინგტონში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა. “მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტ პოტენციალს ვხედავთ,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სწორედ აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის წყალობით, საქართველოში შეუქცევადი გახდა დემოკრატიული პროცესები, გამყარდა სახელმწიფო ინსტიტუტები და გაჩნდა მეტი შესაძლებლობა საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.
„ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში. ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დინამიკურ ეკონომიკას და დემოკრატიას“, – განაცხადა პომპეომ.
პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე კონკრეტულ თემაზე გაამახვილეს ყურადღება:
კონფლიქტი რუსეთთან და ტერიტორიული მთლიანობა
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის პოზიცია რუსეთთან კონფლიქტთან დაკავშირებით და თეთრი სახლის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
“აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთთან კონფლიქტში და მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიის – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისთვის,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. მისი თქმით, წლევანდელი წელი იმ მიზეზითაც არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრიდან 10 წელი სრულდება.
“რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება – გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
სამხედრო სფერო
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის მხარდაჭერას სამხედრო სფეროში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. მისი თქმით, საქართველო ნატოს სტანდარტს ზედმიწევნით ასრულებს. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის – JAVELIN-ის შეძენის შესაძლებლობისთვის.
„წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა და ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას და მსხვერპლს ავღანეთის სამშიდობო მისიაში მონაწილეობისას.
მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს სამშვიდობო ოპერაციებში და საქართველოს განიხილავს, როგორს “ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორს”.
„საქართველო სწორედ ასეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები. საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებენ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში.
“2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით“, – განაცხადა პომპეომ.
ეკონომიკა და სამართლიანი სახელმწიფო
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის დახმარებით საქართველო ინვესტირებისთვის და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად იქცა მთელ მსოფლიოში. მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
“საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ის გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება,
მისი განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია „კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი”.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები იმისთვის, რომ ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის, პოლიტიკასა და მედიაში, ასევე – განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლებო ინსტიტუტებში“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეც მიულოცა.