კითხვებზე პასუხის გაცემა აშშ-ის ახალ პროკურორსაც მოუხდა" />

აშშ-ის კონგრესი ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან შესაძლო კონტაქტებს იძიებს

კითხვებზე პასუხის გაცემა აშშ-ის ახალ პროკურორსაც მოუხდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის შეთქმულების შესახებ ბრალდებას გამოიძიებს. ამის თაობაზე კონგრესში დემოკრატიული პატრიის წარმომადგენელმა ადამ შიფმა განაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ წერილობით შეთანხმებას […], რომ ტრამპის შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულების შესახებ ბრალდებას გამოვიძიებთ“, – განაცხდა შიფმა ტელეარხ MSNBC-ის ეთერში. სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელმა დევინ ნუნიესმა ძიების დაწყება დაადასტურა.

„სადაზვერვო კომიტეტი მრავალი წლის განმავლობაში იძიებდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს და გაფრთხილებებს იძლეოდა საერთაშორისო არენაზე პუტინის რეჟიმის მტრული ქმედებების, კიბერსივრცეში მისი აგრესიისა და გავლენიანი საერთაშორისო პროპაგანდისტული კამპანიების შესახებ“, – განაცხადა დევინ ნუნიესმა, რომელიც ტრამპის გარდამავალ შტაბში ირიცხებოდა. მისი თქმით, კომიტეტი გამოძიებას ჩაატარებს ზემოთ ჩემოთვლილ ყველა სფეროში, მათ შორის, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხსაც განიხილავს.

კერძოდ, როგორც ВВС იუწყება, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს – იყო თუ არა რუსული კიბერაქტივობა ან სხვა ქმედებები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული, შეიცავდა თუ არა ეს ქმედებები რუსეთსა და პოლიტიკურ კამპანიებთან დაკავშირებული პირებს, ან აშშ-ის სხვა მოქალაქეებს შორის კონტაქტებს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეწყობის პირობა დადო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა დენ კოუტსმა. „ვფიქრობ, ეს ის არის, რაც უნდა გამოიძიონ და დარეგულირდეს“, – თქვა ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა დენ კოუტსმა 1 მარტს კონგრესში გამართულ მოსმენებზე გამოსვლისას, რომელზეც მისი კანდიდატურა განიხილებოდა. როგორც Reuters იტყობინება, მან პირობა დადო, რომ გამოძიებისთვის აუცილებელ ყველა დოკუმენტსა და სხვა მასალებზე წვდომას უზრუნველყოფს.

 

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლები დარწმუნებულები არინ, რომ რუსეთი, კიბერშეტევების საშუალებით, დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონისა და მისი პატრიის დისკრედიტირების გზით, ცდილობდა, ტრამპს საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვების მიღწევაში დახმარებოდა. ამგვარი ბრალდებების გამო, აშშ-ის წინა ხელისუფლებამ ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა. ტრამპი უარყოფს, რომ მის თანამოაზრეებს მოსკოვთან აქვთ კავშირი.

 

თებერვალში ტრამპის თანაშემწე მაიკლ ფლინი იძულებული გახდა, გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ დეკემბრის ბოლოს რუსეთის ელჩ სერგეი კისილიაკთან თავისი კონტაქტების შესახებ არასრულ ინფორმაციას იძლეოდა. კისლიაკთან ზარების გამო, ფლინს ადანაშაულებდნენ 1798 წელს აშშ-ში მიღებული ლოგანის კანონის დარღვევაში. ეს კანონი აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებსაც ფორმალურად არ აქვთ მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, აშშ-სთან უთანხმოებაში მყოფი უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვას უკრძალავს.

 

იმავდროულად, გაზეთმა The Washington Post -მა გაარკვია, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორჯერ შეხვდა რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს. კერძოდ, სეშნსი რუს დიპლომატს თავის ოფისში გასული წლის სექტემბერში შეხვდა, როდესაც ალაბამას შტატის სენატორი იყო. გარდა ამისა, გენპროკურორს 2016 წლის ივლისშიც ჰქონდა კისლიაკთან ურთიერთობა – იმ დროს, როდესაც ის აშშ-ის კონგრესის შეიარაღებულ ძალთა სენატის კომიტეტის წევრი, და ასევე – საგარეო პოლიტიკის საკითხებში მაშინ ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.

თუმცა, ვიდრე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებოდა, სენშსმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაზე მსჯელობის თვალსაზრისით, რუსეთის წარმომადგენლებთან არავითარი კონტაქტები არ ჰქონია. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ფრაქციის ლიდერმა ნენსი პელოსიმ უკვე მოუწოდა გენპროკურორს საკუთარი თანამდებობის დატოვებისკენ, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კანდიდტურის დამტკიცების თაობაზე გამართული მოსმენების დროს კითხვებზე პასუხის გაცემისას მან რუსეთის ხელისუფლებასთან თავის კონტაქტების შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, სეშნსმა რუსეთის ფედერაციის ელჩთან კონტაქტები იმიტომ არ ახსენა, რომ მათი შეხვედრები აშშ-ის საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდებოდა.


ასევე წაიკითხეთ