რუსეთის დაბა შიხანიში საბჭოთა ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ " />

აქ აწარმოებდნენ „ნოვიჩოკს“, რომლითაც ბრიტანეთში ყოფილი რუსი მზვერავის მოწამვლა სცადეს

რუსეთის დაბა შიხანიში საბჭოთა ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ

დაბა შიხანი. ფოტო: საინფორმაციო სააგენტო „თავისუფალი ახალი ამბები“

„ნოავაია გაზეტას“ მასალების მიხედვით

სარატოვის ოლქში მდებარე დაბა შიხანიმ, სადაც ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, შეიქმნა მომწამვლელი პრეპარატი „ნოვიჩოკი“ [ბრიტანეთის ხელისუფლების ვერსიით, ამ ნივთიერებით ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლა სცადეს – JAMnews], ამ წლის დასაწყისიდან დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნის სტატუსი დაკარგა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სარატოვული ბრენდის სამშობლოს მონახულება ამიერიდან ყველა მსურველს შეუძლია. შიხანის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ახლა მათ ძლიერ შეუმცირდებათ დაფინანსება, დაიწყება სამსახურიდან დათხოვნები და სპეციალიზებული კლინიკა დაიკეტება.

დიდი ბრიტანეთი და რუსეთი: ყველაზე მწვავე კონფლიქტი ცივი ომის პერიოდის შემდეგ

რით მოწამლეს ინგლისში ყოფილი რუსი მზვერავი და ვინ მოწამლა ის?

 სიღარიბე ქიმიაზე უარესია

„ინსტიტუტი აქედან ათ კილომეტრში იყო. ვცდილობ, რომ იქ არ წავიდე. რაც უფრო ცოტა იცი, მით უკეთ გძინავს“, – ამბობს შიხანის მაცხოვრებელი სერგეი იზვეკოვი. ორგანული სინთეზის ტექნოლოგიების სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა დროს ქიმიურ იარაღს აწარმოებდა, ათი წლის წინათ გაკოტრდა და ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა.

„არ დავფიქრებულვართ იმაზე, ქიმიკოსები ზუსტად რას აკეთებდნენ, თუმცა ერთმანეთის მეზობლად მდებარე ბინებში ვცხოვრობდით. კითხვის დასმა საშიში იყო“, – მხრებს იჩეჩავს სერგეი.

დაბა შიხანი. ფოტო: საინფორმაციო სააგენტო „თავისუფალი ახალი ამბები“

როდესაც დაბა დაკეტილი იყო, მაშინ თითქმის ყველა ორგანიზაცია უშუალოდ მოსკოვის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. „დედაქალაქიდან კომისიებს აქ ჩამოსვლის ეშინოდათ. ონკანის წყლით ხელების დაბანაც კი არ სურდათ. ამბობდნენ, – წყალი ვოლსკიდან [გვერდით მდებარე ქალაქი] ჩამოგვიტანეთო“, – იხსენებს იზვეკოვი.  თავად ის ტერიტორიის ეკოლოგიურ სისუფთავეზე რატომღაც არ წუხდა.

„ჩვენთვის ტრაგედია იქნება, თუკი სამედიცინო სანიტარულ განყოფილებას დაკეტავენ. გინეკოლოგიისა და ქირურგიის განყოფილებები შეამცირეს. ახალი წლის დღესასწაულებზე ბრმანაწლავის ანთებით რაიონის საავადმყოფოში გადამიყვანეს. წყალზე დამზადებულ ფაფას მაჭმევდნენ. ჩვენს სანიტარულ განყოფილებაში კი საბავშო ბაღივით მენიუ იყო!“

შიშობენ, რომ შემცირებები ძალოვან სტრუქტურებშიც მოხდება: თუ არ არის რეჟიმი – არც სამხრეებიანი ადამიანების საჭიროებაა. დაბაში მამაკაცებისთვის სხვა სამუშაო არ არსებობს.

დახურული რეჟიმის მოხსნა დაფინანსების არსებითად შემცირებასაც ნიშნავს – ორ წელიწადში დაბას მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით და საოლქო დოტაციით  ცხოვრება მოუწევს, მოსკოვიდან დაფინანსება შეწყდება.

დაბა შიხანი. ფოტო: საინფორმაციო სააგენტო „თავისუფალი ახალი ამბები“

შემცვლელი ვერ მოიფიქრეს

ვლადიმირ ფედოსოვმა შიხანი პირველად 1975 წელს ნახა.

„ჩვენთან ინსტიტუტში ადგილობრივი დირექტორი ჩამოვიდა. გვითხრა, – ქალაქის ტიპის დასახლებაში გაემგზავრებით, თქვენი ინსტიტუტი ოდნავ მოშორებით იქნება, ტყეში, სამაგიეროდ, ზიანის ასანაზღაურებლად, ხელფასის დანამატებიც გექნებათ“.

საიდუმლო ინსტიტუტში მოსკოვისა და ლენინგრადის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბრწყინვალე კურსდამთავრებულებს უყრიდნენ თავს. სამეცნიერო კარიერა აქ სწრაფად მიდიოდა წინ. ახალგაზრდა ოჯახებს იმ დროისთვის კომფორტულ ხუთსართულიან სახლებში ბინებს აძლევდნენ.

„მომარაგება პირველი კატეგორიის მიხედვით მიმდინარეობდა! – ვლადიმირ ფედოსოვი დეფიციტურ საქონელს ასახელებს – ზეითუნის ზეთი, მანდარინები, ბანანები. იტალიური ჯინსები პირველად აქ ვნახე. მაღაზიებში შემოჰქონდათ და ყოველგვარი განაწილების გარეშე ყიდდნენ! ბინაში მედგა – რუმინული კედლის ავეჯი, საძინებელი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, პოლონური სამზარეულო, იუგოსლავური რბილი ავეჯი. 1986 წელს პროფკავშირებისგან ავტომობილი „0/8“ მერგო, არადა ეს მანქანა მხოლოდ 1985 წელს გამოვიდა! დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სამშობლო ჩვენს შრომას აფასებდა“.

1990 წელს, ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ საწარმოს ძირითადი საქმიანობა აკრძალული გახდა. ქიმიური იარაღის განადგურების პროგრამაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიარდები გამოიყოფოდა, შიხანელები არ აიყვანეს. მეცნიერ-მუშაკებმა გამგზავრება დაიწყეს. ფედოსოვი იძულებული გახდა, თავისი საყვარელი ქიმია მიეტოვებინა. ახლა ის მეზობელ ქალაქ ვოლსკში პროფტექნიკურ სასწავლებელში ასწავლის.

„ნოვიჩოკის“ წყალობით, სახელწოდება „შიხანი“ მსოფლიოში სახელგანთქმული გახდა, მაგრამ დაბას ამან არავითარი სარგებელი არ მოუტანა. მოსახლეობის თითქმის ნახევარი -პენსიონერია. ფედოსოვის ქალიშვილი, ისევე როგორც შიხანის ახლგაზრდა მაცხოვრებელთა უმეტესობა, სარატოვში მუშაობს, ვაჟი – ასტრახანშია. „საწარმოს შემცვლელი ვერ მოუგონეს“, – ამოოხვრით ამბობს ვლადიმირი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ