სპეციალური კომისია შეამოწმებს კანდიდატების ცოდნას. სოციალურ ქსელებში წერენ - იქნებ, უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა არსებობდეს, რაზეც ღირს აქცენტის გაკეთება? " />

აფხაზური ენის ფლობა და რუსულის აკრძალვა ტელეეთერში – ახალი მოთხოვნები აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის

სპეციალური კომისია შეამოწმებს კანდიდატების ცოდნას. სოციალურ ქსელებში წერენ - იქნებ, უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა არსებობდეს, რაზეც ღირს აქცენტის გაკეთება?

22 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ლინგვისტურმა კომისიამ კანდიდატებისადმი მოთხოვნები გაამკაცრა.

თითოეულმა კანდიდატმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისუფლად ფლობს აფხაზურ ენას. ამიტომ, ზეპირ გასაუბრებასა და კითხვით გამოცდასთან ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატებმა ახლა წერითი გამოცდაც უნდა ჩააბარონ: კომისიის წევრები ორჯერ ხმამაღლა წაიკითხავენ ნაწყვეტს მხატვრული ნაწარმოებიდან და შემდეგ, კანდიდატებმა ეს უნდა დაწერონ.

გაჩნდა კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა – სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში აფხაზურ ენაზე სავალდებულო გამოსვლა.

თუმცა, ეს წესები არ გავრცელდება იმ კანდიდატებზე, რომლებიც უკვე იყვნენ დარეგისტრირებული 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და, შესაბამისად, უკვე ჩააბარეს გამოცდა.

• აფხაზეთი პრეზიდენტის გაგდებისა და ახალი არჩევნების წინ – რას უნდა ველოდოთ?

• აფხაზი ოპოზიციონერი ქართულ მხარესთან დიალოგის წინადადებით გამოვიდა. რას პასუხობენ მას თბილისში?

რატომ გამკაცრდა აფხაზური ენის ცოდნის მოთხოვნები?

გასული საპრეზიდენტო არჩევნებისას, რამდენიმე კანდიდატი პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მშობლიური ენიდან რუსულ ენაზე გადადიოდა. ამომრჩევლის ნაწილმა პოლიტიკოსების ასეთი ქცევა მიიღო, როგორც აფხაზურ ენაზე დიალოგის თავისუფლად წარმართვის უნარის არქონა, სოციალურ ქსელებში კი პოპულისტობასა და კორუფციაში დაადანაშაულეს ფილოლოგები, რომლებმაც გამოცდა ჩაატარეს.

„პრინციპულობა უნდა გამოვავლინოთ ამ საქმეში. იმ კანდიდატთა შორის, რომლებიც რუსულად ლაპარაკობდნენ, იყვნენ ისინი, რომლებიც თავისუფლად ფლობენ აფხაზურს, მაგრამ სურდათ, რომ მათი მოსაზრებები მთელ ელექტორატს გაეგო. ახლა მხოლოდ აფხაზურ ენაზე გამოსვლა იქნება სავალდებულო მოთხოვნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოეტმა ვალენტინ კოგონიამ, რომელიც ლინგვისტური კომისიის შემადგენლობაში შევიდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების სწორად დალაგება

Tengiz Dzhopua

 

კომენტარი                                            

 

თენგიზ ჯოპუა

ოპოზიციური პარტია „აინარას“ ყოფილი ხელმძღვანელი

 

როგორც იქნა, დაიწყეს კანდიდატების სწორად შემოწმება. თუმცა, მიმაჩნია, რომ არ უნდა დავრჩეთ ვიწრო ლინგვისტურ ჩარჩოებში. უფრო ფართოდ უნდა ვიფიქროთ! ამიტომ, გავბედე და საკუთარ თავზე ავიღე ასეთი წინადადების შეთავაზება – პრეზიდენტობის კანდიდატების გენეტიკური ექსპერტიზაც უნდა ჩატარდეს!

კონსტიტუციაში ხომ ნათქვამია, რომ პრეზიდენტი შეიძლება გახდეს მხოლოდ აფხაზი. ამიტომ, მოდი, მოვძებნოთ ნამდვილი აფხაზები და არა ნაჯვარები.

იქნებ მას ბებია ჰყავს მეგრელი? ან ქართველი? იქნებ, მის ძარღვებში რუსული, ებრაული ან ბურიატიული სისხლი ჩქეფს? როგორ წაგვიყვანს ის უკეთესი მომავლისკენ? ვერანაირად. მოსესავით 40 წელი გვატარებს უდაბნოში.

გთავაზობთ კომისიის შექმნას და გავაცნოთ ხალხს ჩვენი კანდიდატების ყველა გენეალოგიური საიდუმლო.

და თუ სერიოზულად ვისაუბრებთ – უკეთესი იქნება, კანდიდატებს ელემენტარული ცოდნა მოვთხოვოთ სახელმწიფო მოწყობასთან, საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან, გადასახადებსა და ჯარიმებთან დაკავშირებით. სხვანაირად, მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც შესანიშნავად ლაპარაკობენ აფხაზურად, მაგრამ არ შეუძლიათ დღგ-ს გარჩევა მიწის გადასახადისგან.

არ ვდავობ, აფხაზური ენის ცოდნა საჭიროა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს შენარჩუნება. თუ სახელმწიფო აღარ იარსებებს და დავიწყებას მიეცემა, ხალხი კი გაქრება, მისი ენა, ლინგვისტების გარდა, აღარავისთვის იქნება საინტერესო.

აფხაზეთი. ფოტო: JAMnews/ აგნეშკა ზელიონკა

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.სო
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ