აფხაზი უფლებადამცველი არდა ინალ-იფა აფხაზეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის მიზეზებისა და შედეგების შესახებ " />

არდა ინალ-იფა: „აფხაზეთში ქალების მიმართ ასეთი სისასტიკე არ მახსოვს“

აფხაზი უფლებადამცველი არდა ინალ-იფა აფხაზეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის მიზეზებისა და შედეგების შესახებ

საპროტესტო აქცია მინისტრთა კაბინეტის შენობასთან.  სოხუმი. ფოტო: დიმიტრი სტატეინოვი, JAMnews

აფხაზეთში მომხდარ ორმაგ საზარელ დანაშაულს მზარდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. ხალხი ხელისუფლებისგან დამნაშავეების დასჯას და სამართალდამცავი სტრუქტურების რადიკალურ რეფორმირებას ითხოვს.

დები ჯაგმაზიების ტრაგიკული ისტორია 12 ივნისს გახდა ცნობილი, თუმცა თავად ეს ტრაგედია რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

გამოძიების ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, თავიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა უმცროსი და – 14 წლის გოგონა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. გოგონა პრეზიდენტის დაცვის ახლა უკვე ყოფილმა  თანამშრომელმა ასტამურ ჯოპუამ გააუპატიურა. მოძალადე აფხაზეთში ძალზე გავლენიანი ოჯახის წევრია, მან გოგონა სახლიდან ძალით წაიყვანა და მასზე სასტიკად იძალადა.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მოკლული იპოვეს 14 წლის გოგონას უფროსი და – 22 წლის ანჟელა, რომელსაც თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. მკვლელი, სავარაუდოდ, გოგონების მამაა, რომელიც მიიმალა და ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული.  მოტივად, ე,წ,  „ღირსების მკვლელობა“ განიხილება.

ასტამურ ჯოპუა ამჟამად სახელმწიფო უშიშროების შენობის ერთადგილიან საკანში ზის. მას უკვე შეეფარდა წინასწარი  ორთვიანი პატიმრობა.  

მის გავლენიან ნათესავებს მისთვის ხელი დაფარება არ უცდიათ. ჯოპუების ცნობილმა გვარმა  საგვარეულო შეკრება მოაწყო, რომელზეც მათ ეს დანაშაული დაგმეს და ბრალდებულს გაემიჯნენ.  ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა მისი ძმაც, პარლამენტარი, პარტია „აინარის“ ხელმძღვანელი ალმას ჯოპუა. დამნაშავის მამიდა ტალი ჯოპუა სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. მამიდის მეუღლე – შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია კი ჯერჯერობით არ წყვეტს შვებულებას, რომელშიც ის ათი დღეა, რაც იმყოფება. სამსახურში გამოუცხადებლობით ის ცდილობს გამოძიების მიმდინარეობისგან დისტანცირდეს.   

პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დანაშაული პირად კონტროლზე აიყვანა.

და მაინც, ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი აფხაზური საზოგადოების დასამშვიდებლად. აფხაზეთში ძალას იკრებს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. ბოლო რამდენიმე დღეა, მიტინგები ტარდება.

კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჯოპუების მაღალი რანგის ოჯახს უფროსი დის მკვლელობაში მიუძღვის წვლილი. მათი თქმით, ანჟელას მკვლელობა ასტამურის ძმის – პარლამენტის დეპუტატისა და პარტია „აინარის“ ლიდერის – ალმას ჯოპუას (გაუპატიურებაში ბრალდებული ასტამურის ძმა) მიერ არის პროვოცირებული.

საქმე ისაა, რომ მკვლელობის წინა დღეს დეპუტატი გოგონების მამას – რუსლან ჯაგმაზიას შეხვდა და უსაყვედურა, რომ მისი უფროსი ქალიშვილი ანჟელა გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა.  „მას უნდა მიხედო,“ – უთხრა დეპუტატმა რაულ ჯაგმაზიას. ეს საუბარი  ფირზეა ჩაწერილია და შემდეგ ის თავად დეპუტატმა წარუდგინა პარლამენტს. ამ საუბრის მეორე დღეს მამამ ანჟელა მოკლა.

დები ჯაგმაზიების ნათესავებმა საპროტესტო მიტინგი გამართეს, და დანაშაულის მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვეს.

JAMnews-მა  კომენტარისთვის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორს არდა ინალ-იფას მიმართა:

“ღირსების მკვლელობის” გასაღება აფხაზურ ტრადიციად

“უკვე 60 წლის ვარ, მაგრამ ამ რაოდენობის ოჯახური მკვლელობა, ქალების, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი ამდენი სასტიკი დანაშაული არ მახსოვს – არც ომამდე, და ომის შემდგომ პირველ წლებშიც კი. ეს რაღაც სიახლეა აფხაზეთში.

ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს შურისძიებები ტრადიციულ ნორმებთან დაბრუნებად გაასაღონ, მაგრამ ეს სრული სიცრუეა. აფხაზეთში ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა მამაკაცისთვის ყოველთვის სამარცხვინოდ იყო მიჩნეული. მტრული გვარის ქალს სისხლიანი შურისძიების დროსაც კი არ ახლებდნენ ხელს.

საზოგადოება ლინჩის წესით გასამართლებას იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც ხელისუფლება არ მუშაობს. როდესაც დანაშაულზე ადეკვატური რეაგირება არ ხდება, მაშინ საზოგადოება სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას კარგავს.

ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის უარყოფა, ფორმალური, ზედაპირული რეაგირება, საბოლოოდ კი დაუსჯელობა, ფაქტობრივად, იმ ქალების მომავალი მკვლელობების წახალისებაა. ქალები შეიძლება ვიღაც უცნობის მიერ გამოგზავნილი SMS შეტყობინების საფუძველზე დაადანაშაულონ უღირს საქციელში.   

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დასჯილი ქალების არცთუ მცირე სია დაგვიგროვდა.

მოვიყვან ერთ მაგალითს აფხაზური სოფლიდან. ორი რძალი ერთმანეთთან კონფლიქტში იყო, და ერთ-ერთმა თავის ნათესავებს მეორე რძლის ტელეფონში  ერთგვარი სატელეფონო შეტყობინების  გაგზავნა დაუკვეთა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქალი ჩამოეხრჩოთ.   

ეს ამ ქალის მამამ და ძმამ ჩაიდინეს, ვითომდა ოჯახისთვის სირცხვილის ჩამოსაშორებლად. პატარა ბავშვი თავისი დედის მკვლელების გარემოცვაში დარჩა. ნათესავებმა ეს დანაშაული თვითმკვლელობად წარმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოები ამ ვერსიით დაკმაყოფილდნენ და საქმე დახურეს.

აფხაზი ქალების ასოციაციამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ პრობლემაზე, ჩაატარა მრგვალი მაგიდები და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. თუმცა, მაღალ დონეზე სათანადო რეგირება – დაგმობა, განმარტება, განათლება – არ ყოფილა.

პირიქით, ზოგიერთი ჩინოსნისგან მუდმივად გვესმის, რომ ეს მოგონილი პრობლემაა, რომ ოჯახებში არანაირი ძალადობა არ არსებობს, რომ ეს დასავლური ფასეულობების გავრცელება და რაღაც პროექტების ნაწილია და ა.შ.

ძალიან ბევრი დანაშაული, სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებამდე არც აღწევს, ადამიანები განცხადებებს არ წერენ, როდესაც საქმე შიდა ოჯახურ პრობლემებს ეხება. მაგრამ, არის შემთხვევები, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა. 6-7 შემთხვევა იყო ორ წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვიცით. ეს  ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მიმაჩნია, რომ ამაზე  არამარტო სამართალდამცავი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმაც უნდა აგონ პასუხი.

ზედიზედ ორი დღეა, ჩვენთან მიტინგები მიმდინარეობს. რადგან ახალი პარლამენტია არჩეული, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ახალი ადამიანები მოვიდნენ – არის იმედი, რომ ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ სიტუაციას.

როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, საზოგადოების განვითარებაზე იმის მიხედვით შეიძლება მსჯელობა, თუ როგორ ეპყრობიან ქალებს. სამწუხაროდ, ახლანდელი დანაშაულები აფხაზეთს რამდენიმე საუკუნით უკან გადაისვრის. და ისინი, ვისაც ეს ნორმალურად მიაჩნია, ფაქტობრივად, იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც დღეს ხდება.

ის, რომ დღეს მოძრაობა „ქვემოდან“ დაიწყო, და რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები კი არა, უბრალო ქალები გამოდიან კანონიერების, სამართლისა და უფლებების დაცვის მოთხოვნით, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველაფერი თავდაყირა დგას.

როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები წლობით რეგირებას არ ახდენენ საზოგადოების მოთხოვნებზე – სულ უფრო მეტად წამოყოფს ხოლმე თავს კრიმინალური ინსტიტუტები, და სულ უფრო დიდ როლს თამაშობს „ძველბიჭური“ გაგება.

დღეს სულ უფრო აშკარად ვლინდება ტენდენცია, რომ კრიმინალური ფასეულობები და ნორმები ტრადიციად გასაღდეს.

ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კარგი იქნებოდა ხმა აემაღლებინათ ჩვენს ეთნოგრაფებსა და ისტორიკოსებს, რომლებიც  პარლამენტსა  და სხვა სტრუტურებშიც არიან წარმოდგენილები და განემარტათ, რომ აფხაზეთისთვის უცხოა ეს ყველაფერი. 

დაუსჯელობის სინდრომი

სატელეფონო სამართალი, ნეპოტიზმი, ნათესავ-მეგობრობა – ეს ყველაფერი,რასაკვირველია, მხოლოდ აფხაზეთში არ ხდება, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით – კავკასიაში. ამასთან ბრძოლაა საჭირო – მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტია საზოგადოებრივი კონტროლისთვის დაკეტილი, და ძნელია მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ჩვენ ვხვდებით, რომ ბევრი უსამართლობა ხდება, ვხვდებით, რომ გვარისა და ნათესაობის ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ამის დამტკიცება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. და თუკი ამის თქმას საჯაროდ ცდილობ, შეიძლება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენება დაგაბრალონ.  

ამიტომ, ჩვენ, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებს, მიგვაჩნია რომ დადგა დრო,  სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სტრუქტურებში მეტი საზოგადოებრივი კონტროლი დაინერგოს, იმისთვის, რომ  გადაილახოს ეს ჩაკეტილობა.

საჭიროა საზოგადოებრივი მონიტორინგი. ეს გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა, და ვიცით, რომ ამგვარი მექანიზმები ძალიან ეფექტურად მოქმედებს. იქ, სადაც სამართალდამცავ ორგანოებში საზოგადოებრივი რჩევები დაინერგა – დანაშაულის რიცხვმა მკვეთრად იკლო.

სახელმწიფო, მინისტრებისა და პირველი პირების სახით, კრიტიკულ მომენტებში არც სახლში  უნდა იმალებოდეს, არც მივლინებებში და არც შვებულებაში. აუცილებელია მომხდარს შეფასება მიეცეს, მათ არ უნდა უცადონ, ვიდრე საზოგადოება დაიწყებს შეკითხვების დასმას. ჩვენ უნდა ვხედავდეთ მომხდარით მათ შეშფოთებას.

საპარლამენტო კომისიის ჩამოყალიბებაზე (რომელმაც კონტროლზე უნდა აეყვანოს ლიანა ჯაგმაზიას გაუპატიურების და მისი დის მკვლელობის საქმეების გამოძიება) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია მაინც საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ