ომბუდსმენის განცხადებით, ეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და გამოძიებას ითხოვს " />

აფხაზეთში ადამიანის გატაცებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი წამების შემდეგ გარდაიცვალა

ომბუდსმენის განცხადებით, ეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და გამოძიებას ითხოვს

აფხაზეთში ადამიანის გატაცებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი წამების შემდეგ გარდაიცვალა. ომბუდსმენი ასიდა შაკრილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს. 

ოფიციალური დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ დაიღუპა ანზორ ტარბა, არ არსებობს. სოციალურ ქსელში ანონიმური ავტორის შეტყობინება გამოჩნდა, რომლის თანახმადაც, ტარბა წამების შედეგად გარდაიცვალა. კომენტარებში დაიდო მისი სხეულის ფოტოც, რომელსაც მრავლობითი დაზიანება და სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა.

• რატომ აღმოჩნდა ასე მარტივი აფხაზეთის პლაჟზე ტურისტების მძევლად აყვანა

• აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

ანზორ ტარბა 9 ივლისს, ომარ მირცხულავას გატაცებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

მირცხულავა 2019 წლის აპრილის შუაში გაიტაცეს და ქალაქ ტყვარჩელში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ჰყავდათ დაკავებული. ერთი კვირის წინ მან დამოუკიდებლად მოახერხა იქიდან გამოქცევა. ცხელ კვალზე მილიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის, ტარბაც.

ომბუდსმენის, ასიდა შაკრილის თქმით, 11 ივლისს ანზორ ტარბა გულრიფშის რაიონის მილიციის განყოფილებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ ის გარდაიცვალა.

„იმედი მაქვს, რომ გენპროკურატურა სამსახურებრივ გამოძიებას ჩაატარებს და მომხდარში ყველა ბრალდებული კანონის წინაშე წარდგება“, – განაცხადა ასიდა შაკრილმა.

მისი აზრით, „გენპროკურატურა ვალდებულია, სერიოზული გამოძიება დაიწყოს დროებითი დაკავების იზოლატორებში ფიზიკური ძალადობისა და წამების ფაქტების შესახებ“.

„ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატში ხშირად შემოდის ინფორმაცია ეჭვმიტანილებისა და პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ. უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რომ ტარბასთან დაკავშირებით სათანადოდ ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდართან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გამოძიების კონტროლს საკუთარ თავზე ავიღებთ“, – განაცხადა ასიდა შაკრილმა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ