საარჩევნო კამპანია 19 მარტს დაიწყება " />

აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა

საარჩევნო კამპანია 19 მარტს დაიწყება

12 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. არჩევნები 11 აპრილს არის დანიშნული და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მასში მონაწილეობის უფლება შვიდ კანდიდატს მისცა:

  •  ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი. კანდიდატურა წამოყენებულია მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ მიერ; 
  •  გუდრატ ჰასანგულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია ერთიანი აზერბაიჯანის სახახლო ფრონტის პარტიის მიერ; 
  • არაზ ალიზადე – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია აზერბაიჯანის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” მიერ; 
  • ფარაჯ გულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია “ნაციონალური აღორძინების პარტიის” მიერ; 
  •  ზაჰიდ ორუჯი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია საკუთარი ინიციატივით; 
  •  ჰაფიზ გაჯიევი. კანდიდატურა წამოყენებულია პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ; 
  •  რაზი ნურულაევი, კანდიდატურა წამოყენებულია „სახალხო ფრონტელების საინიციატივო ჯგუფის“ მიერ.

ოფიციალური რეგისტრაციისთვის კანდიდატს აუცილებლად ესაჭიროებოდა 40 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა 60 საარჩევნო ოლქში (მთელ ქვეყანაში სულ 125 საარჩევნო ოლქია).

კანდიდატების მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი გაოცებული იყო, რომ ამჯერად კარზე არავინ უკაკუნებდათ და რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭრად ხელმოწერას არ სთხოვდნენ.

60 ოლქში 40 ათასი ხელმოწერის შეგროვება ძალიან რთული პროცესია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების დახმარებით არის შესაძლებელი“, – უთხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, იურისტმა აკიფ გურბანოვმა რადიო „აზალდიგს“.

სულ წარდგენილი იყო 15 კანდიდატი, ერთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი შვიდი კანდიდატის ხელმოწერილი ფურცლები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაამტკიცა. სახვათა შორის, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 19 მარტამდე მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ და თეორიულად კანდიდატების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

აზერბაიჯანის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა – სახალხო ფრონტის პარტიამ, პარტიამ „მუსავათი“, დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ, მოძრაობამ „რესპუბლიკური ალტერნატივა“ და რამდენიმე სხვამ მომავალი რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტირება გადაწყვიტა.


ასევე წაიკითხეთ