"ოქროს ბიჭუნების" ავტოხულიგნობამ საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გამოიწვია " />

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შვილიშვილი მძიმე ავტოავარიაში ფიგურირებს

"ოქროს ბიჭუნების" ავტოხულიგნობამ საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გამოიწვია

ბაქოს აეროპორტის ტრასაზე ორი ძვირდღირებული მანქანით რბოლა დასრულდა მძიმე ავარიით, რომლის შდეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარში დამნაშავეა Mercedes Geländewagen-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა 21 წლის ნაილ ალახვერდიევი, აზერბაიჯანის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და დევნილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა საქმეების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ალი გასანოვის შვილიშვილი.

მძღოლმა 220კმ/სთ სიჩქარეზე (70 კმ/სთ შეზღუდვის პირობებში) საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სხვა მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაარტყა და ადგილზე მოკლა. ამის შემდეგ ავტომობილი მეორე ზოლზე გავარდა, იქ კიდევ ორ ადამიანს დაეჯახა, ამოტრიალდა და ცეცხლი წაეკიდა. “ფეხით მოსიარულის გარდა, დაიღუპა “მერსედესის” ერთი მგზავრიც, სამი კი მძიმედაა დაშავებული. ორი მათგანი – ოჯახური წყვილი – თურქეთის მოქალაქეა. თავად ალახვერდიევი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზოგიერთი გამოცემა ინციდენტის პირველ საათებში ვიცე-პრემიერის შვილიშვილისთვის ხელის დაფარებას ცდილობდა, და ირწმუნებოდნენ, თითქოს საჭესთან ალახვერდიევი კი არა, “მერსედესის” დაღუპული მგზავრი იჯდა. თუმცა, მეორე დილას შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეს-მდივანმა ეჰსან ზაჰიდოვმა სააგენტო virtualaz.org-ს განუცხადა, ვიდეოკამერების ჩანაწერების საფუძველზე, პოლიციამ დაასკვნა, რომ მანქანას სწორედ ალახვერდიევი მართავდა.

ნაილ ალახვერდიევი არამხოლოდ ვიცე-პრემიერის შვილიშვილია, არამედ – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარის, გენერალ ელჩინ გულიევის სიძეც, თანაც მან მის ქალიშვილზე, სულ ერთი თვეა, რაც იქორწინა.

თავად დევნილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა საქმეების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ალი გასანოვმა მომხდარის კომენტირებაზე უარი განაცხადა: “ამაზე საუბარი არ მინდა. ვერ ვიგებ, რატომ ატრიალებენ ჩემს გვარს მედიაში. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აკისრია. ძალიან მინდა, რომ ეს გაათვითცნობიეროთ”, – გადმოსცემს გასანოვის სიტყვებს სააგენტო gununsesi.info

ამ ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე ციტატას სოციალური ქსელებიდან – როგორც წესი, ავტორების გვარების დაუსახელებლად.

“კიდევ შეიძლებოდა ალი გასანოვისთვის ამ ავტოპარკის პატიება, ის რომ საბაჟოს ან საგასახადოს მინისტრი იყოს. მაგრამ ის ხომ დევნილთა სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი. ნეტავ როგორი სახით გაიმართლებს ახლა თავს მათ წინაშე იმ მათხოვრული 36 მანათისთვის? (20 დოლარი)”

“ალი გასანოვი ალაჰმა დასაჯა ყველაფრისთვის, რაც დევნილებს დაუშავა. წავიდნენ და მისი აშენებული დაბები შეამოწმონ, ნახონ რამდენი ფული აქვს შეჭმული ამ მშენებლობებზე. დევნილთა სოფლებში ყველა სავაჭრო და საყოფაცხოვრებო ობიექტი მის ნათესავებზეა გაფორმებული. აბა, საიდან უნდა ჰქონდეს მის შთამომავალს 250 ათას დოლარად ღირებული მანქანა, თანაც ამბობენ, რომ კიდევ სხვებიც აქვს”.

“ყოველთვის ვამბობ და ვწერ, რომ ჩვენში არსებობს ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებები, რომლებიც ჩინოვსნებისა და დეპუტატების შვილებისგან შედგება! მათ ისევ თავინთი დედიკოები და მამიკოები მფარველობენ! ისინი არამხოლოდ რიგითი მოქალაქეებისთვის წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ მთელი საზოგადოებისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. აი, ახლა იფიქრონ ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თუ სადამდე შეიძლება ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს”.

“სხვა ყველაფრის გარდა, ალი გასანოვმა საინფორმაციო ომში ჩვენს მტრებს “კარგი” მიზეზი მისცა. ნეტავ ახლა როგორი სახე ექნება დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარეს საერთაშორისო შეხვედრებზე მათი წარდგენისას”?

“პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, ამ ყმაწვილს ყარაბღში ფრონტის წინა ხაზზე გავგზავნიდი, რომ უფრო ახლოს გაეცნოს იმ პირობებს, რომელშიც მისი თანატოლები ცხოვრობენ”.


ასევე წაიკითხეთ