უკვე 6 წელია სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და დღემდე აშშ პროცესში სამხედრო ძალით არ ჩარეულა " />

აშშ-ის ავიაიერიში სირიის სამთავრობო ბაზებზე

უკვე 6 წელია სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და დღემდე აშშ პროცესში სამხედრო ძალით არ ჩარეულა

დღეს გამთენიისას 3 საათსა და 45 წუთზე აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ავიაბაზაზე. სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ამერიკული ავიამზიდიდან, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს, ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა ისროლეს.


ეს პირველი პირდაპირი სამხედრო იერიშია, რომელიც აშშ-მა სირიის სამთავრობო ძალებზე მიიტანა.

უკვე 6 წელია, სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და აქამდე აშშ პროცესში სამხედრო ძალით არ ჩარეულა.

ავიაიერიში პროვინცია ჰომსში განლაგებულ შაირატის სამხედრო ბაზაზე მოხდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სწორედ აქ არის განლაგებული სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პროვინცია იდლიბზე ქიმიური იარაღის გამოყენებით იერიში მიიტანეს.

აშშ-ის ავიათავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას იდლიბის პროვინციაში და ამერიკის ავიათავდასხმას “აგრესიას” უწოდებს.

დილით გავრცელდა განცხადება კრემლიდანაც: “ვაშინგტონის ეს ნაბიჯი დიდ ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომლებიც ისედაც არ არის სახარბიელო,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

“და რაც მთავარია, პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი  საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის  საბოლოო მიზანთან კი არ გვაახლოებს, არამედ პირიქით,  სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ტერორზმთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის შექმნას ,” – განაცხადა პესკოვმა.

— 4 აპრილს პროვინცია იდლიბში ავიათავდასხმის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვები. დაღუპულებს და ასობით დაზარალებულს ქიმიური მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

— სირიის ოპოზიციამ და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა იდლიბში მომხდარ ტრაგედიაში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულეს. ასადი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს. რუსეთი, რომელიც სირიის კონფლიქტში ასადის რეჟიმის მხარდამჭერია, აცხადებს, რომ ავიათავდასხმა არა ასადის ჯარმა, არამედ სირიელმა ამბოხებულებმა განახორციელეს იმ საწყობებზე, სადაც ქიმიური, მომწამვლელი ნივთიერებები ინახებოდა.

— 6 აპრილს ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასადის რეჟიმზე საპასუხო თავდასხმას განიხილავდა. CNN-ი გადმოსცემდა, რომ პენტაგონმა უკვე წარუდგინა თეთრ სახლს სირიის სამთავრობო ძალებზე სარაკეტო თავდასხმის დეტალური გეგმა.


ასევე წაიკითხეთ