შექმნილი არეულობის მიზეზად ავტომანქანის არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმება სახელდება" />

ბათუმში პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – განახლებადი

შექმნილი არეულობის მიზეზად ავტომანქანის არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმება სახელდება

17264647_1638165422879544_1051657633847624672_n-e1489266417817

ფოტო ეკუთვნის გაზეთ “ბათუმელებს”

ბათუმში 11 მარტს მომიტინგეებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ინფორმაციით 6 დაშავებული პოლიციელია, დანარჩენები კი – სამოქალაქო პირები არიან.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით ერთერთ დაშავებულს სახის ძვალი აქვს დაზიანებული და ოპერაცია სჭირდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე არიან ცრემლსადენი გაზის შედეგად დაშავებულებიც. 

დაპირისპირება აჭარის რეგიონული პოლიციის სამმართველოსთან მოხდა. სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ტელეკომპანია “რუსთავი 2-“ის ეთერში გასული კადრების მიხედვით, ზოგიერთი მომიტინგე პოლიციას ქვებს ესროდა.

სპეცრაზმის თავდასხმის შემდეგ მომიტინგეებმა კვლავ დაიწყეს შეკრება პოლიციის შენობასთან.  სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ ქუჩაში რამდენიმე ადგილას ხანძარიც ჩანს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა არასწორი პარკირებისთვის რამდენიმე მოქალაქის დაჯარიმება. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ბათუმში 11 მარტს დღისით მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 6 ადგილობრივი დააკავა სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ქალაქის ცენტრში შეიკრიბა ასამდე ადამიანი, მათი უმეტესობა იყვნენ – მძღოლები, რომლებიც “უსამართლოდ” დანიშნულ ჯარიმებს და პატრულის თვითნებობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები გაემართნენ პოლიციის შენობისთვის, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ასევე პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მინისტრი პირადად გაემგზავრა ბათუმში.

“მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შექმნილ ვითარებაში. მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამენთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ის რაც ეხლა ბათუმში ხდება ეს არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას და ყველა ის პირი ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორნი და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე!

საჭირო თუ გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული. საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული.”

ბათუმში მომხდარმა სოციალურ ქსელებში ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია

პირველი ტენდენცია:

მომხმარებელთა ნაწილი პოლიციას სისატიკეში ადანაშაულებს. ზოგიერთი ბათუმში დემონსტრანტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწრაფ დასასრულს წინასწარმეტყველებს.

მეორე ტენდენცია:

მეორე ნაწილი აღშფოთებულია ქუჩებში გამოსული „კრიმინალური ახალგაზრდობით“ და წესრიგის სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვენ

მესამე ტენდენცია:

ბევრს ქვეყნის რეპუტაცია აღელვებს. „ისე ვამაყობდით, რომ ჩვენთან დემონსტრაციების დროს არსდროს არ ამტვრევდნენ და არ წვავდნენ მანქანებს“, – წერს სინანულით ერთ-ერთი მომხმარებელი.

„არაუშავს, ალბათ ეს სახადიც უნდა მოვიხადოთ“, – ამშვიდებს მეორე.

მეოთხე ტენდენცია:

თუმცა, ქსელში ყველაზე მეტი მოწოდება მაინც „ბოლოსდაბოლოს ბიძინას გაღვიძებას“ ეხება.

 

ფოტო და ვიდეო მასალა ეკუთვნის გაზეთ “ბათუმელებს” 


ასევე წაიკითხეთ