ერევნის ახალგაზრდობა ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრებს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და ინტერესდება " />

მოდური ტანსაცმელი ყოველთვის ძვირი არ ღირს

ერევნის ახალგაზრდობა ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრებს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და ინტერესდება

წლიდან წლამდე ერევნის ქუჩებში სულ უფრო მეტი ხასხასა ფერი და თამამი, ზოგჯერ ულტრამოდური და დროდადრო არაორდინარული”იმიჯი” ჩნდება. სტილისტები ამჩნევენ, რომ დღეს ერევნელები ტანსაცმლის არჩევას გაცილებით მეტ დროსა და ყურადღებას უთმობენ, ვიდე რამდენიმე წლის წინ. მათ გვიამბეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ერევნის street fashion-მა განიცადა და ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომლებმაც ეს დადებითი ცვლილებები გამოიწვია.

სტილისტ-დიზაინერი მარიანა ქებაბიანი ამბობს, რომ მოდური ტენდენციები სომხეთში განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო 5-6 წლის მანძილზე, როდესაც ერევანში მოდური ტანსაცმლის ჰიპერმარკეტი გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს ბრენდულ სამოსს სთავაზობენ.

მარიანას თქმით, მანამდე სომხეთში, ძირითადად, ძვირადღირებული ბრენდების გაყალბებულ ნიმუშებს ატარებდნენ, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ:

“მაგრამ ამჟამად მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ არ იღებს და არ ატარებს ბრენდული ნივთების გაყალბებულ ნიმუშებს”.

სტილისტის აზრით, ყოველდღიურმა ტანსაცმელმა მართლაც საყოველდღეო იერი შეიძინა.

“საკმაოდ რთული იყო უნივერსიტეტში მიმავალი სტუდენტისა და წვეულებისთვის გამოწყობილი გოგონას გარჩევა. ამჟამად მდგომარეობა შეცვლილია – ადამიანები სიტუაციის შესაბამისად იმოსებიან, მაგრამ მაკიაჟს მაინც ყოველთვის სადღესასწაულო იერი აქვს. როგორც ჩანს, ეს გარემოება გამოწვეულია იმით, რომ ჩვენთან მოვლილობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ”.

ამას გარდა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სომეხი ახალგაზრდები სომეხი დიზაინერების ნამუშევრებითაც ინტერესდებიან. ახალ თაობას სურს, სხვებისგან გამოირჩეოდეს და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, რაც საკმაოდ რთულია იმ ტანსაცმლით, რომელიც mass market fashion-ის  [მასობრივი გამოყენების ტანსაცმელი] კატეგორიას განეკუთვნება.

სტილისტ-ბლოგერი ნარინე სიმონიანი მიიჩნევს, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები (განსაკუთრებით კი ახალგაზრდები) ყოველდღიური სამოსის შერჩევისას ბევრად უფრო თამამ “იმიჯებს” ირგებენ, უფრო შემოქმედებით მიდგომებს ავლენენ და უფრო თავისუფლად და ადვილად იღებენ ახალ მიმდინარეობებს. სადღესასწაულო “ლუქი” [ტერმინი, რომელიც მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან “look” და, ამ შემთხვევაში, ამა თუ იმ ” სტილს” აღნიშნავს] კი ყოველთვის დეტალებითა და სამკაულებით გამოირჩეოდა.

«სულ უფრო ხშირად ვამჩნევ ყოველდღიური და სადღესასწაულო სტილების ეკლექტიკური სინთეზის ნიმუშებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჯერ კიდევ რჩება სომეხი გოგონებისა და ქალების ყოველდღიურ გარდერობში, რაც ხშირად სრულიად არ შეესაბამება არჩეულ სტილსა და იმიჯს», – ამბობს “ბიუთი ბლოგერი”.

ნარინეს აზრით, ბოლო დროს მამაკაცებიც ხშირად ქმნიან საინტერესო სახეებს. ისინი ფერადი “პრინტებით” დამშვენებულ პერანგებსა და ლოფერებს [ ფართო, დაბალი ქუსლის მქონე უთასმო ფეხსაცმელებს] ატარებენ, სხვადასხვა სიგრძის ტანსაცმელს უხამებენ ერთმანეთს და ამ გზით “ფენების” იმიტაციას ქმნიან.

ამავდროულად ნარინე დანანებით აღნიშნავს, რომ პოზიტიური ცვლილებების პარალელურად, ისეთი ნეგატიური ტენდენციაც შეინიშნება, როგორიცაა მიმბაძველობა:

“ბევრი ადამიანი მოდის ამა თუ იმ ტენდენციასა და საკუთარ სტილს ერთმანეთს ვერ უხამებს და შედეგად, ან რაღაც არაორიგინალური იმიჯი გამოსდის, ან სხვა სტილის ზუსტ კოპირებას ახდენს, რაც სულაც არ წარმოადგენს საკუთარი სტილის გამოვლინებას”.

სტილისტები კი გვირჩევენ, სითამამე გამოვიჩინოთ და საკუთარი სტილის გრძნობას მივყვეთ. სამოსის ძირითადი ნაწილების შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი აღნაგობის თავისებურებები და არ მივაქციოთ ყურადღება მოდის ტენდენციებს იმ შემთხვევაში, თუკი “ტრენდის” შესაბამისი ტანსაცმელი თქვენს სტილს არ შეესაბამება.

კარგი ტანსაცმლის შესაძენად დიდი თანხები სულაც არ არის საჭირო – ლამაზი სამოსის საყიდლად  ის სახსრებიც საკმარისია, რომელიც ამ მიზნისთვის გაქვთ გამოყოფილი:

«საშუალოდ,  45 ათასი დრამი [93 დოლარი] სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სრულყოფილი სტილი შეიქმნა», – ირწმუნება ნარინე სიმონიანი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ