ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა სიცხე და გადავიდა თვითიზოლაციაში. ის იმასაც ჰყვება, რომ ჩაატარა წირვა, თუმცა წირვაზე ის იყო პირბადით, აქედან გამომდინარე, გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა მოქალაქეები მას დაეინფიცირებინა.
“37 მქონდა სიცხე. ყოველი შემთხვევისთვის პასუხისმგებლობით ვიყავი, ჩემზე ბევრი რამეა დამოკიდებული. რომ არ გადამედო ვინმესთვის, ვთხოვე აეღოთ სინჯი და დამიდასტურდა. მე როგორც კი ვიგრძენი სიმპტომები – გავჩერდი. წირვა კი ჩავატარე, მაგრამ მაშინ არაფერი არ მჭირდა და არც არავისთვის გადამიდია. მე თვითონაც არ ვიცი საიდან გადამედო”, – ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე “ტვ-პირველთან” სატელეფონო საუბრისას.
პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად დაიწყო საუბარი როგორც ღვთისმსახურებაზე ადამიანების დასწრების შეზღუდვის, ისე ზიარების წესის შეცვლის შესახებ. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ზიარების წესის ცვლილებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მოქალაქეებს ეკლესიაში სიარულს ვერ შეუზღუდავდნენ.