Wizz Air საქართველოში მარტში დაბრუნდება
Wizz Air საქართველოში სავარაუდოდ მარტში დაბრუნდება და ახალი მიმართულებების ფრენებს დაამატებს – ამის შესახებ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ განაცხადა.
მისი თქმით, მიზანი იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი პანდემიამდე დაფრინავდა. თუმცა, რადო აღნიშნავს იმასაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პანდემიის განვითარებასა და იმ დროისთვის არსებულ შეზღუდვებზეა დამოკიდებული.
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე მიმართულების დამატებაც მოხდეს, თუმცა, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება”, – აცხადებს რადო.
ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. თუმცა მაშინ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით აღდგა.
რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას დიდი ხნის განმავლობაში იმ მიზეზით არ აძლევდა, რომ რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, ხელისუფლების აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.
● Wizzairs-ს და Ryanair-ს საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის უფლებას არ აძლევს
საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ღია მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საერთოდ ჩაუკეტა.
მოგვიანებით, ევროკავშირმა, საერთოდ ამოიღო საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან და წითელ ზონაში გადაიყვანა.