Wizz Air ბრუნდება. პირველ ივლისს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები აღდგება
მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა და მემინგენი – Wizz Air პირველი ივლისიდან, ქუთაისის აეროპორტიდან, ფრენებს ამ მიმართულებით აღადგენს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
“ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – ვიზეარის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს”, – ამბობს თურნავა.
ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სეზონის ბოლომდე ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება.
ამ ეტაპზე, ვიზეარი მხოლოდ ვარშავის, რიგის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, გდანსკის და ვროცლავის მიმართულებით დაფრინავს.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. როგორც Wizz Air, ისე FLYARYSTAN ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონზე როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას დიდი ხნის განმავლობაში იმ მიზეზით არ აძლევდა, რომ ამ კომპანიებს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, ხელისუფლების აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.
● Wizzairs-ს და Ryanair-ს საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის უფლებას არ აძლევს
საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ღია მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საერთოდ ჩაუკეტა.
მოგვიანებით, ევროკავშირმა, საერთოდ ამოიღო საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან და წითელ ზონაში გადაიყვანა.
ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა.
რაც შეეხება Ryanair-ს, კომპანიას ამ ეტაპზე ფრენები არ განუახლებია.