საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალურად უმუშევართა წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ დაბალია, მაგრამ ამავე დროს შემცირებულია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ისე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საერთოდ ცდილობენ სამსახურის პოვნას ან შრომის ბაზარში მონაწილეობენ.
I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და 14.4% იყო. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ითაა შემცირებული 53.4%-ს შეადგენს, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1%-ით და 45.7%-ია.
ეს ნიშნავს, რომ სტატისტიკური გაუმჯობესების მიუხედავად, ეკონომიკაში მეტი ადამიანი არ დასაქმებულა. პირიქით – ბევრი მოქალაქე შრომის ბაზარს საერთოდ ჩამოშორდა, რაც ხშირად იმედგაცრუებას, დაბალ ხელფასებს ან სამუშაოს პოვნის სირთულეს უკავშირდება.
მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში კვლავ განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობა კაცებში, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობა ქალებისთვის უფრო გაუარესდა. ქალებში უმუშევრობა გაიზარდა, ხოლო კაცებში მცირედით შემცირდა. ამავე პერიოდში ორივე ჯგუფში შემცირდა დასაქმების მაჩვენებელიც.
კვლავ მკვეთრია სხვაობა ქალებისა და კაცების ეკონომიკურ აქტივობას შორის – კაცები ბევრად უფრო ხშირად არიან ჩართული შრომის ბაზარში, ვიდრე ქალები. ეს ტენდენცია საქართველოში წლებია უცვლელია და ხშირად დაკავშირებულია როგორც დაბალ ხელფასებთან, ისე ოჯახში ზრუნვის არათანაბარ გადანაწილებასთან.
2026 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4%-ს, ხოლო კაცებში 64.9%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1%-ით, ხოლო კაცებში – 1.6%ით.
ქალაქებსა და სოფლებში სურათი განსხვავებულია. ქალაქებში შრომის ბაზარი შესუსტებულია – შემცირებულია როგორც დასაქმება, ისე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამსახურს ეძებენ. სოფლებში კი მაჩვენებლები თითქმის უცვლელია და მცირე ზრდაც ფიქსირდება.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.4%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.9%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1%-ით და შესაბამისად 45.9 პროცენტს და 45.4 პროცენტს შეადგენს.