რუსეთის პრეზიდენტი მეექვსედ წარადგინეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე
რუსეთის პრეზიდენტი მეექვსედ წარადგინეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე.
2014 წელს, მისი წარდგენა დასაბუთებული იყო „მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით, ბესლანსა და სამხრეთ ოსეთში“.
• რუსეთში კონსტიტუცია შეიცვალა – ახლა პუტინი სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში
• სტალინი, პუტინი, პუშკინი – რუსების გმირები
2020 წელს, კანდიდატთა შორის არიან: შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ბელარუსი პოლიტიკოსები სერგეი და სვეტლანა ტიხანოვსკები, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, თურქეთის პარლამენტის სომხური წარმოშობის დეპუტატი კარო პაილანი და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი, ალაჰშუქურ ფაშაზადე.
ალექსეი ნავალნი ნობელის პრემიაზე წამყვანი ამერიკელი პროფესორების ჯგუფმა წარადგინა, რომლებიც რუსეთის თემით არიან დაკავებული.
დონალდ ტრამპი პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატმა, ულტრამემარჯვენე, პროგრესის პარტიის წევრმა წარადგინა იმ როლისთვის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეასრულა.
სერგეი და სვეტლანა ტიხანოვსკები ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა წარადგინა, რომელმაც ამას ძლიერი სიგნალი უწოდა ბელარუსებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ყველაზე მშვიდობიან მოძრაობაში მონაწილეობენ.
17 წლის გრეტა ტუნბერგის კანდიდატურა ორმა შვედმა პარლამენტარმა იმისთვის წარადგინა, რომ „მან პოლიტიკოსებს თვალები აუხილა კლიმატური კრიზისის თაობაზე“.
კარო პაილანი წარადგინეს სომეხი და რეგიონის სხვა მკვიდრი ხალხების უფლებებისთვის ბრძოლის გამო.
ალაჰშუქურ ფაშაზადე კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ წარადგინა.
“პუტინი ჩვენთვის დიდი ხანია ნობელის ლაურეატია“
ვლადიმირ პუტინის კანდიდატურა მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, აკადემიკოსმა სერგეი კომკოვმა წარადგინა. ვებგვერდმა „Диссернет“, რომელიც მეცნიერებაში პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, მაშინვე გაიხსენა, რომ მისი ექსპერტიზის თანახმად, კომკოვის ორივე დისერტაცია – საკანდიდატოც და სადოქტოროც – მოპარულია.
ეს ნობელის პრემიის მოპოვების მეექვსე მცდელობაა ვლადიმირ პუტინისთვის.
2013 წელს, ბრიტანელმა ლორდმა პიტერ ტრასკოტმა პუტინის უდიდესი როლი დაინახა სირიის შეიარაღებული კონფლიქტის დარეგულირებაში.
2014 წელს, მსოფლიო ხალხთა სულიერი ერთობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიამ (რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს იმავე კომკოვთან) განაცხადა, რომ პუტინმა მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი შეასრულა მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში, განსაკუთრებით, ბესლანსა და სამხრეთ ოსეთში.
2016 წელს, პუტინი საფრანგეთის პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ფაბიენ ბოსარმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ერთადერთია, ვინც „რეალურად ებრძვის ტერორიზმს“.
„არაფერი საშინელება არ იქნება, თუკი ჩვენი პრეზიდენტი ვერ მიიღებს პრემიას, – განაცხადა მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, – ჩვენთვის ის უკვე დიდი ხანია ნობელის პრემიის ლაურეატია“.