„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით,ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიერ საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა.
დღეის მდგომარეობით, მათ მიერ 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაფუძნდა. ასევე, ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანიის გადმოფორმება განხორციელდა. ამ გზით, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, ივანიშვილის ოჯახმა 4 ოფშორული კომპანია “გაასუფთავა”.
ორგანიზაციის მონაცემებით, გადაფორმებული კომპანიების საწესდებო კაპიტალის ჯამური ოდენობა 163,187,800 ლარს შეადგენს.
ამ პროცესის გააქტიურება 2024 წლის დეკემბრიდან იწყება, როცა ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების ფონზე საკუთარი ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გადაფორმების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა და მოსალოდნელია, რომ ივანიშვილების ოჯახი მთლიანად გადაიტანს ოფშორულ აქტივებს ქართულ კომპანიებზე.
ამასთანავე, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კომპანიების გადმოფორმებისას ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონის“ ფარგლებში დაწესებული საგადასახადო შეღავათებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქტიურად აკვირდება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების მცდელობად შეფასდეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.