მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თეთრიწყაროში 26 აპრილიდან მოქმედებდა, გაუქმდა.
5 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 650 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 22 მაისს გამოვლინდა და მას შემდეგ ინტენსიურ ტესტირებას ახალი შემთხვევა აღარ გამოუვლენია.
ამ პერიოდში თეთრიწყაროში კორონავირუსზე 450-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან 60-ს covid-19 დაუდასტურდა.
პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროელებს მაქსიმალური სიფრთხილისა და წესების დაცვისკენ მოუწოდა, რათა მთავრობას ისევ არ დასჭირდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება.
ამ დროისთვის საქართველოში კარანტინი მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – გეტასა და მუშევანში რჩება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.