თბილისში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას ქუჩაში ათიათასობით ადამიანმა მოუსმინა. ვიდეო
ზელენსკის გამოსვლა თბილისის აქციაზე
საქართველოს დედაქალაქი იმ შვიდ ევროპულ ქალაქს შეუერთდა, რომლებშიც 4 მარტს საღამოს უკრაინის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქციები გაიმართა. ქუჩებში შეკრებილ ადამიანებს უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მიმართა. თბილისში ათეულათასობით მოქალაქე ზელენსკის გამოსვლას პარლამენტის შენობის წინ ადევნებდა თვალს.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის მიმართვაში მოუწოდა შეკრებილებს პატივი მიეგოთ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების ხსოვნისადმი.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, ეს იქნება დემოკრატიის, თავისუფლების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვება.
,,მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ. მინდა გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. და თუ გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. და თუ გავიმარჯვებთ. ჩვენ ისეთივე აყვავებულები ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდება უკრაინას.
თბილისი, პარიზი, ლიონი ,ბრატისლავა , ფრანკფურტი, ვილნიუსი, პრაღა, თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თბილისში შეკლბილებს მიმართეს საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა, ასევე საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„მოგესალმებით, მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენ იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.