თბილისში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტერი დაწვეს
თბილისში, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტერი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს” – დაწვეს და ვიდეო Tbilisi Pride-ს ფეისბუქგვერდზე გაუგზავნეს.
აღნიშნული პოსტერი 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს Tbilisi Pride-მა გააკრა, რითაც, მათი თქმით, საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალებისთვის პატივის მიგება სურდათ.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასხამენ ბენზინს და უკიდებენ ცეცხლს რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის პოსტერს. „პრაიდის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ასევე პირი, რომელიც ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს.
Tbilisi Pride ფეისბუქზე წერს:
აღნიშნული ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია

ისინი განცხადებაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკანონო თუ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირების სამართლებრივი გზები, ეს არ არის ყოველთვის საკმარისი ან რელევანტური. და რომ, მათთვის მთავარია, შექმნან ან ხელი შეუწყონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებების გავრცელებას.
“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ, დავიკავოთ და პოზიტიურად გარდავქმნათ საჯარო სივრცე!”, – წერს Tbilisi Prid.
● “გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები შეიცვლებიან”. ქართველი ტრანსგენდერები სოლიდარობასა და სიძულვილზე