თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიელი ქალი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს
თბილისში, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს ავსტრალიის მოქალაქე 31 წლის ქალი, რომელიც გუშინ საღამოს გაუჩინარდა.
პოლიცია ადასტურებს, რომ იმ ადგილას, სადაც დაკარგულს ეძებდნენ, ნაპოვნია ქალის ცხედარი, თუმცა მის იდენტიფიცირებამდე დადასტურებულად არ ამბობს, რომ ეს შანაი ბრუკია.
ამასთან, ქალის გარდაცვალების ამბავს ადასტურებენ მისი მეგობრები და მოხალისეები, რომლებიც ასევე ჩართული იყვნენ სამძებრო სამუშაოებში.
შანაი ბრუკს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
მისი კვალი იკარგება 30 ივლისს დაახლოებით 16.30-დან.
16.00 საათისთვის მან მეგობარს ამერიკაში დაურეკა და ყოფით ტემებზე ესაუბრა. ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, იმავე მეგობართან შევიდა ბრუკის ზარი – ამჯერად ტელეფონში ისმოდა ქალის ყვირილი, ის შველას ითხოვდა.
ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის გოგონა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდა.
“ხმა ცუდად ისმოდა, ის ვიღაცას ეჩხუბებოდა და თხოვდა მოეშორებინა ხელები. სავარაუდოდ, მან საშველად დააჭირა ტელეფონს და დაირეკა ბოლო დარეკილ ნომერთან. ზარი მალე გაითიშა…” – ყვება ფორმულასთან შანაი ბრუკის მეგობარი და კოლეგა როსს ტომპსონი.
ამის შემდეგ ქალი დაიკარგა. სამაქშველო სამსახურები, კინოლოგები და მოხალისეები მას რამდენიმე საათის განმავლობაში მთაწმინდის პარკის და ოქროყანის ტერიტორიაზე ეძებდნენ. ამ ადგილებში ბრუკი ხშირად დადიოდა სალაშქროდ, ის ფიტნესით იყო გატაცებული.
შანაი ბრუკი თბილისში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ის ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.
ავსტალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელია და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა