თბილისში დაკარგულ უცხოელს ეძებენ. ქალი, სავარაუდოდ, მთაწმინდიდან გაუჩინარდა
მეორე დღეა თბილისში ეძებენ ავსტრალიის მოქალაქეს, შანაი ბრუკს.
ახალგაზრდა ქალის მეგობრებმა ფეისბუკზე დაწერეს, რომ შანაი 30 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის.
“ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა დაემართა მას, მაგრამ არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ მას შესაძლოა თავს დაესხნენ. პოლიციამ მიაკვლია შანას ტელეფონს სადღაც მთაწმინდაზე, ხოლო საძიებო და სამაშველო ჯგუფები ღამით მთელ ტერიტორიას ფარავდნენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის,” – წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში
ბრუკის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, დაკარგვის მომენტში შანაი მთაწმინდის პარკში სეირნობდა. მეგობარი ამბობს, რომ შანაიმ დარეკა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ – ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.
ამის შემდეგ ქალთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ამასთან, მისი ტელეფონი ამ დრომდე ჩართულია.
ამჟამად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ეძებენ.
თბილისში მცხოვრებმა უცხოელებმა შექმნეს მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა შანაი ბრუკს.
ასევე აღებულია ნიმუშები შანაი ბრუკის ტანსაცმლიდან, მას ეძებენ კინოლოგებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შანაი ბრუკი ავსტრალიის მოქალაქეა. ფეისბუკის გვერდზე საცხოვრებელ ადგილად მას თბილისი აქვს მითითებული. ზუსტად როდის და რა მიზნით ჩამოვიდა ქალი საქართველოში, JAMnews-ისთვის ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, როგორც მისი ფეისბუკიდან ირკვევა, მინიმუმ გასული წლის სექტემბერში იგი უკვე საქართველოში იყო.