თბილისში განთავსდება ავტობუსები, სადაც მოქალაქეები ვაქცინას მიიღებენ
გაზიარება
გაზიარება
თბილისში ვაქცინაციის მობილური ცენტრები ამუშავდება, რაც ნიშნავს იმას, რომ განთავსდება სპეციალური ავტობუსი, სადაც მოქალაქეები კუთვნილ ვაქცინას და უსაფრთხო მომსახურებას მიიღებენ, ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე სამი ავტობუსი განთავსდა – ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის ტერიტორიაზე. ჯამში კი დაგეგმილია, რომ მსგავსი ათი მობილური ცენტრი მოეწყოს.
“ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა უკვე, ევროპაში გახლავთ ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო ვაქცინაციის პუნქტებისთვის”, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ასაცრელად მისული მოქალაქე რეგისტრაციას ადგილზევე გაივლის და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებასაც მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მობილური ცენტრები რამდენიმე დღე საპილოტედ იმუშავებს და სავარაუდოდ, თითოეული ავტობუსი დღეში, დაახლოებით, 150 აცრას გააკეთებს.
“სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ [ვაქცინაციის] ტემპი არ დაგვივარდეს. სადღაც სექტემბერში თუ ჩვენ 800-900 ათასი და უკეთესია მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრს კითხვა დაუსვეს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებითაც [არჩევნების გადადების ინიციატივით სახალხო დამცველი და რამდენიმე ოპოზიციური პარტია გამოვიდა], ტიკარაძის თქმით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, ვიდრე არჩევნები.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება, თუ ცესკო, პარტიები და მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
მისივე განმარტებით, ოქტომბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უნდა შემცირდეს.
“იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება”, – თქვა ტიკარაძემ.
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 50-მდე გარდაცვალების შემთხვევაა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 73 ადამიანი და დაფიქსირდა ინფიცირების 4031 შემთხვევა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.