თბილისში და იმერეთში რესტორნების მუშაობა შეიზღუდება - გახარია
16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22 საათიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მსოფლიოში არ არსებობს არანაირი მკაცრი გზა ეპიდემიის შეჩერების, გარდა მკაცრი შეზღუდვებისა. ძირითადი სტრატეგია არის წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22 საათიდან. ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელების შევანელოთ”, – განაცხადა გახარიამ.
•საარჩევნო უბნები საკარანტინე სივრცეებში თვითიზოლაციაში მყოფებისთვის – ცესკო-ს შეთავაზება
•საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. რა სტრატეგია აქვს ქვეყანას
მისი თქმით, პარალელურად მოიხსნება აქამდე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვები აჭარაში. 19 ოქტომბრიდან რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება. გიორგი გახარიას განმარტებით, ამის მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია გახდა.
„გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე, როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ძალაში რჩება გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, ოქტომბრის ბოლოდან ასევე არსებულ საჰაერო რეისებს ფრენები დაემატება.
„ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლა აღდგება, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით. რაც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს დამატებით საშუალებას გადაადგილების, ასევე ეკონომიკას მისცემს უფრო მეტ ჟანგბადს. გარდა ამისა, დაგვეხმარება დამკვირვებლების უფრო მარტივად ქვეყანაში შემოყვანაში“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება“, – აღნიშნა მან.
15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 366 თბილისში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14 440 შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია – 7 367 პაციენტი, გარდაცვლილი – 113, კარანტინის რეჟიმში – 5 721, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.