Tbilisi Pride: ღირსების მარში დღეს არ შედგება
“თბილისი პრაიდი” დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადებას ავრცელებს და წერს რომ “ღირსების მარში” #სოლიდარობისთვის აღარ შედგება.
პრაიდის განმარტებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალა, ესარგებლათ შეკრების უფლებით. ასევე, დღევანდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა:
“გამოცხადებული ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა”.
მათივე თქმით, მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების სიცოცხლე.
“ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის!” – წერია განცხადებაში.
“თბილისი პრაიდი” ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებას “სამარცხვინოს”, “ძალადობრივსა”, “ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურს” უწოდებს:
“აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად” – წერს პრაიდი.
ისინი ასევე ამბობენ, რომ ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ხელისუფლება დილიდან ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებდა.
“უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს.
დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი”, – წერია განცხადებაში.
პრაიდი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს და სახელმწიფოს სრულიად არასახელმწიფოებრივ უმოქმედობის პოლიტიკას.
__________________________________________________________
● პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
● თბილისში პრაიდის კვირეული გაიხსნა. პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა
● ქართველი ტრანსგენდერი: “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
_____________________________________________________________
დღეს დილიდან, ქუჩაში გამოსული მოძალადეები სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფებიდან და პუტინისტური ორგანიზაციებიდან შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმებზე პოლიცია ან არ რეაგირებს, ან დაგვიანებით რეაგირებს.
„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნა – პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა. დღის განმავლობაში, პოლიციამ, პრაიდის საწინააღმდეგო, ჰომოფობიური აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ და საბოლოოდ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.
Tbilisi Pride- ის გეგმებმა გააღიზიანა ექსტრემისტი მემარჯვენეები. ბიზნესმენმა, ულტრა-კონსერვატიული მოძრაობა “ერის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ, რომელიც ქვეყანაში ჰომოფობიური და ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.
ვასაძის მოთხოვნები ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თბილისი-პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, რადგან ამ ღონისძიებას სხვადასხვა ძალები პროვოკაციების და დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენებენ.
29 ივნისს პირველი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტარებს და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისაგან, რადგან საპატრიარქოს აზრით, ეს გამოიწვევს საქართველოში “დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას”.
ასევე, საპატრიარქომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას პრაიდის კვირეულის ჩატარება.
განცხადება გაავრცელეს “რიონის ხეობის” მცველებმაც. განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას და პრაიდის იდეა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა.