Tbilisi Open Air 2025 წელს 24 და 25 მაისს გაიმართება
გაზიარება
გაზიარება
Tbilisi Open Air 2025
2025 წელს Tbilisi Open Air განსაკუთრებული ფორმატით ბრუნდება – ფესტივალი 24-25 მაისს ჩატარდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი ყველანი ერთად, თავისუფლების იდეით გაერთიანებულები შევხვდებით.
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველთვის თავისუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეის გარშემო კრებს აუდიტორიას, სადაც ყოველთვის ყველას ხმა ისმის და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება – Tbilisi Open Air-ის ლაინაფი სრულად ქართველი შემსრულებლებისგან არის დაკომპლექტებული და თავს უყრის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც, სწორედ, ამ ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.
Tbilisi Open Air 2025 არ არის მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება. ფესტივალის სტუმრებს 24 და 25 მაისს, Lisi Wonderland-ში, ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.
Tbilisi Open Air-ის წლევანდელი, სპეციალური გამოშვება თანადგომას უცხადებს მუსიკალური და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ – ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში.
ბილეთების შეძენის დროს კი, სურვილისამებრ, მომხმარებელი თავადაც შეძლებს გაიღოს დონაცია ზემოხსენებული ორგანიზაციებისათვის.