“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აბუ-დაბიში, “ქართული ოცნების“ წევრებსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეში პოლიცია ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ლაშა გაბიტაშვილის მეგობარმა, ნიკა ხატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლაშა გაბიტაშვილის მიზანია დამნაშავის დასჯა.
ამასთან, მისივე ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია ერთი პირი, რომლის ნასროლი თეფში მიმტანს მოხვდა. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
“ვინ დააკავეს, ზუსტად არ ვიცი. დააკავეს ის, ვინც თეფში ისროლა, თუმცა აქცენტი ამაზე დიდად არ გვაქვს. ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. ლაშა რაზეც მუშაობს არის ის, რომ საქმე აღიძრას და დაისაჯონ დამნაშავეები. საქმეში პოლიცია ჩართული. ლაშა მუშაობს აქტიურად, რომ პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები,“ – განაცხადა ნიკა ხატიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
თავდასხმის შემდეგ ლაშა გაბიტაშვილმა Facebook LIVE-ში დეტალებზე ისაუბრა.
“საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუას, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია. […] მომვარდნენ საუზმის დროს, მშვიდად როცა ვიჯექი”, – ამბობს ის.
წინაისტორია
გუშინ, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.
კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.
კადრებში ჩანდა, რომ მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ზარქუას ვიდეოს უღებდა, ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ხელი მოუქნია, შემდეგ კი, ქუჩაში შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.