ოკუპანტების მიერ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია
თამაზ გლურჯიძე თავისუფალია
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. გლურჯიძე ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. მათივე განმარტებით, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და “ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”.
“ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით” – წერია სუს-ის განცხადებაში.
● ცხინვალი: ომის დამნაშავეები დაისჯებიან ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად
● რუსეთი ოკუპირებული რეგიონების “საზღვრების” დელიმიტაციის ინიციატივით გამოდის
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ
გლურჯიძე 19 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება წაუყენეს. ის იმ დღესვე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ერთი მათგანი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა.