სტრასბურგმა სააკაშვილის საქმეზე შუალედური ზომები მიიღო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი, შუალედური ზომები მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, აცნობოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება.
სასამართლოს განმარტებით, დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.
გადაწყვეტილებაში წერია:
● სასამართლომ გადაწყვიტა, საქმეზე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” მიიღოს შუალედური ზომები, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
● სასამართლომ მთავრობისგან მოითხოვა, რომ აცნობოს სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში, ასევე გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
● შუალედური ზომები არის დაუყოვნებლივი ზომები, რომელიც სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.
● შიმშილობის 47-ე დღე: სააკაშვილთან არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი. ვინ რა იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. 8 დღეა, რაც იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 10 დღეა სააკაშვილი საკვებ დანამატებსაც აღარ იღებს და როგორც მისი მეგობრები და ადვოკატები ამბობენ, ასევე უარს ამბობს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე.
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია, 16 ნოემბერს კი ნინო ლომჯარიას აპარატმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო. უკვე მე-14 დღეა ხოშტარია შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ათმა ოპოზიციონერმა. 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმაც.