სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ათი ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს.
ესენი არიან:
- აკაკი მინაშვილი;
- დავით კირკიტაძე;
- ლევან ბეჟაშვილი;
- თემურ ჯანაშია;
- ბაჩუკი ქარდავა;
- ნიკა მაჭუტაძე;
- აბდულა ისმაილოვი;
- სულხან სიბაშვილი;
- გიორგი გოდაბრელიძე;
- გიორგი ბარამიძე.
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა.
ეს უკვე სააკაშვილის შიმშილობის 45-ე დღეა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმების თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
● ირაკლი კობახიძე: ვინც პოლიტმიკერძოების გამო სახელმწიფოდ არ გვცნობს, მათთან ვერ ვითანამშრომლებთ
● სააკაშვილის საქმე: რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მას შემდეგ, რაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.
8 ნოემბერს “ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის” მიზნით, იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, მკურნალი ექიმები და ასევე სახალხო დამცველის აპარატი ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ იმ მოტივით, რომ ციხის საავადმყოფოში არ იყო სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და ასევე არ იყო უსაფრთხო.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო.
გლდანში სააკაშვილი მალულად გადაიყვანეს. ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.