ბრიუსელში სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა
სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა
ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა. ეს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე დილით გამოქვეყნდა.
შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაუქმდა შეხვედრა. თემაზე კომენტარი არც საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.
ქართულ სამთავრობო მედიაში ამბობენ, რომ სტოტლენბერგთან პრემიერის შეხვედრა NATO-ს გენმდივნის ჯანმრთელობის გამო გადაიდო, თუმცა სტოლტენბერგი დღეს უკვე შეხვდა ფინეთისა და შვედეთის ელჩებს, რომლებმაც მას ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.