პრემიერი ბრიუსელში რობერტა მეცოლასა და შარლ მიშელს შეხვდა
პრემიერი ბრიუსელში
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რობერტა მეცოლასთან შეხვედრისას მათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ისაუბრეს, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, “განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.”
“მიშელთან შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე”, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობისვე ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
ასევე, ღარიბაშვილმა შეხვედრებზე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც და მათ ის უკვე შეავსეს კიდეც.