SOVLAB მოითხოვს, ბათუმის თეატრმა შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება
სტალინის სახოტბო პიესა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, “შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება.”
მიხეილ ბულგაკოვის პიესის დადგმას “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია აპირებს.
სტალინის შესახებ სპექტაკლის დადგმაზე ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. ბათუმის თეატრის მსახიობის, მეგი კობალაძის თქმით, “ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ეს პიესა არ მოიცავს სტალინის პროპაგანდას და მსგავს საკითხებს”.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წერს, რომ ეს პიესა 1939 წელს სტალინისვე დაკვეთითაა დაწერილი, თუმცა შემდეგ პიესა დაიწუნეს და აღარ დაუდგამთ.
როგორც სოვლაბში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორის 11 ახალი ძეგლი დაიდგა.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სარწმუნო გამოკითხვის თანახმად, იზრდება სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რაც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის:
“რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი გავლენის აგენტების ამოცანაა სტალინის, როგორც ყალბი პატრიოტული სიმბოლოს კულტივირება ქართული საზოგადოების ისტორიული დასავლური არჩევანის საპირწონედ.”
● სტალინის “დიდი ტერორი”. ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე
● როგორ აღნიშნეს გორში სტალინის დაბადებიდან 143 წელი. ფოტოები
● „მსოფლიომ დემოკრატია გადაიყვარა და დიქტატურისკენ გადაიხარა“ – რუსი ნობელიანტის სიტყვა
სოვლაბი ხაზგასმით ამბობს, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს რეჟისორი პიესის ინტერპრეტირებისას, “თუმცა მის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში წარსულში არაერთხელ მოხსენიება შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს აჩენს.”
“სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა. სურათს ამძიმებს ისიც, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო საქართველოს დემოკრატიულ და საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის, შემდგომი რეპრესიებისა და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორების ინიციატორი.” – აცხადებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.