სომხეთი: საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ შეძლეს
კომენდატურის მორიგი სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საავადმყოფოებს პაციენტების მიღება აღარ შეუძლიათ.
კორონავირუსით ინფიცირებული 200 პაციენტი, რომელთაც ექიმების დახმარება სჭირდებათ, თავიანთ რიგს ელოდებიან. ამავდროულად, დაავადებულთა რიცხვი ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს უსწრებს.
ნიკოლ ფაშინიანმა შოკისმომგვრელი ახალი ამბავიც გაავრცელა იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომლის დროული ჰოსპიტალიზაციაც ვერ მოახერხეს:
“დაგვიანებას ორმაგი მიზეზი აქვს. ნათესავებმა ავადმყოფის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემას მცირედი დაგვიანებით მიაწოდეს. ინფორმაცია გვიან მიიღეს და – რეაქციამაც დაიგვიანა”.
კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, რადგან მათ გადაუდებელი ინტენსიური თერაპია ესაჭიროებოდათ, მაგრამ ვერ მიიღეს, რამდენადაც რეანიმაციული განყოფილებებიც სრულად გადავსებულია.
პრემიერი-მინისტრის თქმით, ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა:
“და ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ. ამ პრობლემას მხოლოდ ერთი გადაწყვეტა აქვს. სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, საყოველთაო ანტიპანდემიური მოძრაობა უნდა მოქმედებდეს და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ საავადმყოფოებში ადგილების ნაკლებობის პირობებში, შეიძლება დაიღუპონ თვითონ ამ მათი ახლობლები”.
6 ივნისის დილას, ინფიცირების 547 ახალი შემთხვევისა და 7 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 12 364-ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი. ბოლო დღეების განმავლობაში, გამოჯანმრთელდა კიდევ 207 პაციენტი, მათი საერთო რიცხვი – 3 720-ია.
ფაშინიანის თქმით, კომენდატურამ მკაცრი შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილა, მაგრამ მაინც უარი თქვეს ასეთ სამოქმედო გეგმაზე:
“განხილვის შემდეგ დავასკვენით, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგებთან ვერ მიგვიყვანს და ეს არასასურველი გადაწყვეტილებაა არა მარტო იმიტომ, რომ მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, არამედ იმიტომაც, რომ დიდწილად, დარწმუნებულები ვართ და ჩვენი ბოლო დღეების მონიტორინგიც ამას ამტკიცებს: ასეთი კარანტინის ხარისხი ვერ იქნება ისეთი, რომელიც ჩვენ სასურველ შედეგებთან მიგვიყვანს”.
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს გამოცხადდა და ორჯერ გაგრძელდა. ბოლოს – 13 ივნისამდე. თუმცა, 5 მაისიდან მოიხსნა შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე, 18 მაისიდან ამუშავდა ფაქტობრივად ყველა საწარმო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საბავშვო ბაღებიც კი.