სომხეთმა სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
სომხეთის ხელისუფლებამ პირველ თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიტანა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე.
ერევანი ბაქოს, 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის ომისა და შემდგომ პერიოდში, მთელი რიგი კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებს.
- „ჩვენ გავიმარჯვებთ“: სომხეთის ექსპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
- მოსაზრება: მითებმა და ბუნდოვანმა რეალობამ სომხების ომში დამარცხება გამოიწვია
„სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია სიცოცხლის უფლება, არაადამიანური მოპყრობისა და წამების აკრძალვა, თავისუფლების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, განათლების უფლება, ასევე, რიგი სხვა კონვენციური უფლებები არცახისა და სომხეთის მოსახლეობასთან მიმართებით“, – ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლის, ეგიშე კირაკოსიანის განცხადებაში.
სარჩელი ასევე ეხება სამხედრო ტყვეების, მოკლული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს, მათი, ვინც ქონება დაკარგა, ასევე, ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლების.
„ეს სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საკვანძო ნაბიჯია სახელმწიფოს სახელით აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო პროცესში. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია, რომ ეს პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელია, რომელიც სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა“, – ხაზი გაისვა ევროსასამართლოში სომხეთის წარმომადგენელმა.
ეგიშე კირაკოსიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ სარჩელს თან ახლავს აზერბაიჯანის დანაშაულების დამადასტურებელი მტკიცებულებები.