სოსო გოგაშვილის თქმით, სკრიპალების საქმეზე გასაძევებელი აგენტების სია სუს-ის უფროსმა მოსკოვში გაგზავნა
სკრიპალების საქმეზე გასაძევებელი აგენტების სია სუს-ის უფროსმა მოსკოვში გაგზავნა
პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თქმით, 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ სხვა ქვეყნებთან ერთად რუსი სპეცაგენეტების გაძევება საქართველოს ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, თუმცა მათ თავად გოგაშვილის მიერ შედგენილი 10-კაციანი სია შესათანხმებლად მოსკოვში გაგზავნეს.
“ქართული ოცნება” არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან. ამიტომაც მზად არიან “დაიგინონ”, ამიტომ იმათ, ვინც ჯერ ისევ მზად არის, “დაიგინოს”, ვურჩევ გაეცნონ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. ალბათ ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით” მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან. მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლიდარობის აქციაში ჩართვა.” – ამბობს გოგაშვილი.
როგორც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, პირადად მას დაევალა იმ სპეცაგენტების სიის შედგენა, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში. მისი თქმით, სუს-მა გააკეთა 10 კაციანი სია (ფსბ, გრუ და ევრ) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადასცა გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა, როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში.
“იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა ქოცებმა “შეგვაქეს” კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს, რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი. თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება, ბუნებრივია, ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი. გაგრძელება იქნება”. – წერს გოგაშვილი.
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 2018 წლის 4 მარტს დილით, ქალაქ სოლსბერის ცენტრში, სკვერში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ისინი რუსეთში შექმნილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყვნენ მოწამლულები.
ამის შემდეგ, მალევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მოსკოვისგან მომხდარის შესახებ განმარტება მოითხოვა.
სკრიპალების მოწამვლას ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გამწვავება მოჰყვა: ლონდონმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა, იგივე პასუხი გასცა მოსკოვმაც. მალე ათობით ქვეყანამ დიდ ბრიტანეთს დაუჭირა მხარი და რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე განაცხადეს. ყველაზე მკაცრი სანქციები აშშ-მ დააწესა – ეს სანქციები რუსეთისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდებასა და რუსული ბანკებისთვის სესხის გაცემას ეხება.
მალევე ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა იმ ორი რუსის გვარი, რომელთა მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის სპეც-სამსახურების ყოფილი თანამშრომელი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.
„საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რუს მოქალაქეებს, ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს ბრალდება წაუყენონ, მათ შორის – სოლსბერიში მომწამვლელი გაზით მკვლელობის მცდელობისთვის.“ — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.