“შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით”,- მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელის შესახებ
მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელის შესახებ
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ. მან ამაღლობელის შიმშილობას უწოდა სახელმწიფოს შანტაჟი.
მდინარაძემ ქალზე, რომელიც 23 დღეა საპატიმროში შიმშილობს, თქვა, რომ ამაღლობელმა “ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება” ყველაფერი.
“რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსოფლიო, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. და კარგად უნდა იყოს. შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი, ნებისმიერ შემთხვევაში”, – განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის სიკვდილზე ოცნებობენ ის ადამიანები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის, მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს მზია ამაღლობელის შიმშილობის პროცესი, მდინარაძემ უპასუხა, რომ “შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით”.
მზია ამაღლობელი პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს – საიას თავმჯდომარე
მზია ამაღლობელს დღესვე საპატიმროში შეხვდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. მან განაცხადა, რომ მზია უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება, რომ თითქოს ეს მისი შიმშილობა შანტაჟია.
„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
ის პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებას“, სოზარ სუბარს და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფარ განცხადებებს აკეთებენ“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი, რომელიც 23-ე დღეა შიმშილობს, უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როცა ბოლოს ნახა.
„ის არის სრულ შიმშილობაზე და მხოლოდ წყალს იღებს. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს… მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება, არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელის საქმე
დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ დააკავეს.
თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავების დღიდან ის შიმშილობს. მხოლოდ წყალს იღებს.