შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში იმყოფება - დონალდ ტუსკი
ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ოპოზიციური ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე და ოპოზიციონერი აქტივისტი გიორგი რურუა გაათავისუფლოს.
“ევროპის სახალხო პარტია მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ რვა მარტის შეთანხმებას, როგორც პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში იმყოფება. ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ”, – წერს ტუსკი ტვიტერზე.
დონალდ ტუსკი წერს საქართველოში მოახლოებული არჩევნების თაობაზეც. კერძოდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მოელის, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალი იქნება ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ძალადობის დაუსჯელობისგან, რაზეც ხმამაღლა საუბრობდნენ ბოლო არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლები.
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
- საქართველო ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს. დახმარება ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
- გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით იმუქრება
ტუსკის განცხადებას სწრფად გამოეხმაურნენ სახელისუფლებო გუნდის წევრები.
“სახალხო პარტია“, მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია და რასაკვირველია, ასეთი სტილის განცხადებები მუდმივად იქნება,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ტუსკს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, გარკვეული ვალდებულებები გააჩნია და მისი განცხადების პათოსი სწორედ ამით იხსნება.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, რომელიც გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით უნდა აირჩიონ. გარდა ამისა, ამავე შეთანხმებით, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ციხიდან გაათავისუფლებდა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი რურუას.
გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა
ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია და ხელისუფლებას მასზე ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს.
საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვა 19 მაისიდან იწყება.