შეიარაღებული უცხოელები და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა - პოლიტიკური კრიზისის ახალი რაუნდი აფხაზეთში
აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელი, დმიტრი კუჩუბერია, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის, ბადრა გუნბას მხარდამჭერების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არღვევს 2024 წლის ნოემბერში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.
2024 წლის ნოემბერში აფხაზეთის ოპოზიციამ გადააყენა მაშინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია და პრემიერმინისტრი ალექსანდრ ანქვაბი იმ პირობით, რომ მთავრობის დანარჩენი წევრები თავიანთ პოსტებზე დარჩებოდნენ, ვიდრე ახალი პრეზიდენტი არ იქნებოდა არჩეული.
აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართა. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი გუნდის კანდიდატი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა.
როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელის, დმიტრი კუჩუბერიას გათავისუფლება სწორედ კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
თუმცა, აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, ამის შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნება გააკეთა:
“სუს-ს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის უცნობები არიან. არ ვიცით, რას აკეთებენ და რა მიზნებისთვის იმყოფებიან აქ…“
ამავე დროს, ოპოზიციური კანდიდატი ადგურ არძინბა უფრო მეტად კონკრეტული იყო:
“ეს პოლიტიკურ საკითხს არ ეხება – წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და კენჭისყრის დღეს აფხაზეთში რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი შენიშნეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები არიან.
ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ძალოვან სტრუქტურებისგან, რომ რეაგირება მოეხდინათ და აფხაზეთის ფარგლებს მიღმა გაეყვანათ ის პირები, რომლებიც აქ გაურკვეველი მიზნებით იმყოფებიან.“
ბადრა გუნბას მხარდამჭერები არ აკეთებენ კომენტარს შეიარაღებულ უცხოელებზე (რომლებიც, სავარაუდოდ, რუსები არიან), თუმცა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, დმიტრი კუჩუბერიას, გათავისუფლებას მძაფრად აკრიტიკებენ.
17 თებერვლის საღამოს რამდენიმე ასეული აქტივისტი გუნბას საარჩევნო შტაბთან შეიკრიბა. მათი აზრით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს.
ბგანბა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია, რადგან სუს-ის ხელმძღვანელი მთავრობის წევრი არ არის და უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება.
ამასთან, მან თავად დაადანაშაულა ბადრა გუნბა შეთანხმების დარღვევაში. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თავად გუნბა უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა, ის დროებითი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. სწორედ ამის შემდეგ დაიკავა ეს პოზიცია ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენელმა, ვალერი ბგანბამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო