საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17 პროცენტია სრულად ვაქცინირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17 პროცენტია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი. მისივე განმარტებით, ეს ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია:
„138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში. ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და იქ აცრის საშუალო მაჩვენებელი, სრულად აცრილების გვაქვს 17%, რაც დაბალია“.
დაავადებათა კონტროლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტუდენტებში კორონავირუსი გადატანილი აქვს დაახლოებით 9.5 პროცენტს.
გამყრელიძემ სტუდენტებს მოუწოდა, რომ თუ მათ დასწრებული სწავლება სურთ, უნდა გააქტიურდნენ და სხვებს მაგალითი მისცენ.
15 სექტემბერს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. 4 ოქტომბრიდან კი სწავლის აუდიტორიებში განახლება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდსიტუაციაზე, ასევე, ვაქცინაციის მაჩვენებელზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
_____________________________________________
● საქართველოს კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია
● Covid-19-ის მეოთხე ტალღა – რა ხდება საქართველოში. ბოლო მონაცემები
● საქართველოში საველე ჰოსპიტლებმა დაიწყო მუშაობა
________________________________________________
ვაქცინაციის წახალისების მიზნით, საქართველოში კამპანია – “აიცერი და მოიგე” დაიწყო. მთავრობის მიერ დაანონსებულ გათამაშებასთან დაკავშირებით ლატარიის ეროვნული კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, ფულის მოგების შესაძლებლობა ექნება.
ასევე, ქვეყანაში მუშაობენ აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც QR კოდით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს. აპლიკაციაში იქნება სრული ინფორმაცია მოქალაქის PCR და სწრაფი ტესტის პასუხისა და ვაქცინაციის შესახებ. ასევე, ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე, რომელიც ახალ შეზღუდვებსა და რეგულაციებს განიხილავს, ექიმები უმცირესობაში არიან და ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით.
ბოლო თვეები განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 4000-მდე ინფიცირების და 80-მდე გარდაცვალების შემთხვევა იყო, თუმცა ამ მაჩვენებელმა ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დაიკლო – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 54 პაციენტი გარდაიცვალა.
14 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 534 111 აცრა:
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 914 222 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.0%;
სრულად ვაქცინირებულია 619 889 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.7%.