ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, აცრილი მოქალაქეებისთვის ფულად ჯილდოებს გაათამაშებს
ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის – ლატარიის კომპანია ყოველდღიურად ფულად ჯილდოებს გაათამაშებს. აცრილებისთვის გათამაშება “აიცერი და მოიგე” მთავრობამ დააანონსა. ფულის მოგების შესაძლებლობა ექნება ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება.
მათივე განმარტებით, ყოველ დღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.
ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული გათამაშება – ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.
რაც შეეხება გათამაშების ბილეთებს, აცრილი ბენეფიციარები მას ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.
ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 13 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების იდენტიფიცირება კი პირველი აცრის რეგისტრაციისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.
განცხადებაში განმარტებულია, რომ თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, მაშინ მისი ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობს ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაშიც.
კომპანიაში ამბობენ, რომ რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისად, გაიზრდება მისი მოგების შანსი.
“ლატარიის ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა”, – აცხადებენ ლატარიის კომპანიაში.
_____________________________________________
● საქართველოს კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია
● Covid-19-ის მეოთხე ტალღა – რა ხდება საქართველოში. ბოლო მონაცემები
● საქართველოში საველე ჰოსპიტლებმა დაიწყო მუშაობა
________________________________________________
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 80-მდე გარდაცვალების შემთხვევაა. თუმცა დღეს, 7 სექტემბერს, სხვა დღეებთან შედარებით ყველაზე ნაკლები, 1 965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური ციფრი არ არის.
მისი განმარტებით, გუშინ სერვერებზე შეფერხებები იყო, რის გამოც პორტალზე ყველა შედეგი არ არის ატვირთული.
“ეს შედეგები, ალბათ, დღეს დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა”, – თქვა გამყრელიძემ.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
7 სექტემბრის მონაცემებით სულ საქართველოში ჩატარებულია 1 340 062 აცრა:
1 დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.8%;
სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 17.1%.