"საქართველოში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა" - ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. მთავარი
ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს
დღეს პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს, რომელმაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული ეკონომიკური ზრდა აქვს და სიღარიბეც ისტორიულ მინიმუმზეა.
კიდევ რა თქვა მინისტრმა:
● “საწვავის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დადებითი დინამიკა დავინახეთ და იმედია, ასე გაგრძელდება.”
● მინისტრი ანაკლიის პორტზე ამბობს, რომ საქართველო ისეთ პორტს მიიღებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება. მისი თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს ინტერესები მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი და დაცული.
“მას შემდეგ რაც პორტის ინფრასტრუქტურა და ქონება, რაც ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო არსებობს, სახელმწიფოს მფლობელობაში დაბრუნდა, დეტალური კვლევები დაიწყო, რომელიც მიზანშეწონილობას განსაზღვრავდა. აქ იყო ჰოლანდიური კომპანია, რომლის მონაცემებიც დამალვას არ საჭიროებს და შეიძლება მოსახლეობას მივაწოდოთ. ამ ინფორმაციას დაინტერესებულ ინვესტორებს ვუზიარებთ.” – ამბობს დავითაშვილი.
● მინისტრის თქმით, 7%-ს არ აღემატება რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში. “შესაბამისად, დამოკიდებულება დიდი არ არის.”
● “აბსოლუტური სიცრუეა, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა, თითქოს საქართველოდან ხალხი გადის, ქვეყანას ტოვებს, ცარიელდება და უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს იკავებენ, ეს არის ცრუ ნარატივი, რომელსაც ოპოზიცია ცდილობს, რომ პოპულარიზაცია გაუკეთოს.”
მინისტრის განმარტებით, ქვეყნიდან გამსვლელსა და ქვეყანაში შემომსვლელი მოქალაქეების რაოდენობას შორის ბალანსი დღემდე უარყოფითია, თუმცა 2012 წლიდან დღემდე, საქართველოდან უფრო ნაკლები ადამიანი გადის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.
● “საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან ვაჭრობაში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან.”
● “შეგვიძლია დავაწყნაროთ ჩვენი ოპონენტები, სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. ჩასაფრებულები არიან პორტებში, აეროპორტებში, იღებენ ხოლმე ფუჭად სურათებს და აქვეყნებენ, მაგრამ ყველა ფაქტი, როგორც ყოველთვის, არის ცრუ და ტყუილი.”
● “ნამახვანი” რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება”
● ანაკლია – შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა
● საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა. რა გაძვირდა და ვინ გაღარიბდა ყველაზე მეტად
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
“ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა:
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ? – ცოტა გაოცებული ვარ იმ სიმშვიდით და თავდაჯერებულობით, რომელიც თქვენგან გამოსჭვიოდა.”
ნაცვლიშვილის თქმით, ის მინისტრისგან ეკონომიკური პოლიტიკის და პოლიტიკური ხედვის მოსმენას ელოდა.
ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, როგორც თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საქართველოდან გარბის ოჯახებით. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, როგორც გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა ქვეყნის საგარეო ვალი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ. ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. ამ სოციალურად დაუცველთა რაოდენობაში ძალიან ბევრი ათასი ადამიანი არ შედის, სასაცილო მიზეზების გამო კარგავენ ქულებს. ცოტა გაოცებული ვარ იმ სიმშვიდით და თავდაჯერებულობით, რომელიც თქვენგან გამოსჭვიოდა“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.