საქართველოში Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს სავარაუდოდ არ შემოიტანენ
გაზიარება
გაზიარება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია:
“სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.”
მისი თქმით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინაა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს.
ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინა დაახლოებით ერთ თვეში შემოვა, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი რომელ ვაქცინას შემოიტანს საქართველოს ხელისუფლება.
როგორც 25 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, იანვრის ბოლოს დასრულდება ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავება, მარტის დასაწყისიდან კი ქვეყანა შეძლებს ვაქცინაციის დაწყებას.
“ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი… ქართველების ექსპერტთა ჯგუფი ამ ყველაფერზე მუშაობს და ამ პირობას, რა თქმა უნდა, შევასრულებთ”, – განაცხადა გაბუნიამ.