2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ერთ მილიონზე მეტი (1 094 400) ვიზიტორი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 200 პროცენტით მეტია. თუმცა, მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ პერიოდს – 2019 წლის ამ პერიოდში საქართველოში ორჯერ მეტი, 2.2 მლნ ადამიანი იყო შემოსული.
ამ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ამ სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი – 147 700 ადამიანი, რუსეთიდან შემოვიდა. ეს მაჩვენებელი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9 პროცენტიანი, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1 პროცენტიანი წილით.
შესაბამისად, ქვეყნების პირველი სამეული ასე გამოიყურება:
რუსეთი – 175.4 ათასი მოქალაქე;
თურქეთი – 158.3 ათასი;
სომხეთი – 136.8 ათასი.
საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტორები უმეტესად თბილისსა (512.7 ათასი) და აჭარას (375.3 ათასი) ესტუმრნენ.
ამავე უწყების ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა.
მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) ანგარიშით, პანდემიამდე, საქართველოში ტურიზმის სექტორი 483 ათას სამუშაო ადგილს ქმნიდა. ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით კი საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზე იყო.
2018 წელს, ტურიზმსა და დაკავშირებულ სფეროებში მომუშავეთა წილი 7.8% იყო. საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებდა.
მაშინ კვლევის ავტორები ამბობდნენ, რომ ეს მაჩვენებლები მომავალ წლებში საშუალოდ 2 პროცენტით გაიზრდებოდა. თუმცა, პანდემიამ რეალობა შეცვალა.